ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს, ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა –
ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს – თოდორ ნედელევს თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ბულგარული პრესა წერს, რომ ფეხბურთელს თავის არეში აქვს დაზიანებები, რადგან მინის ნატეხი მოხვდა.
ბულგარული პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,თუმცა მას კიდევ არაერთი კვლევა დასჭირდება. მასთან ერთად საავადმყოფოში იმყოფება ეროვნული ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევი, რომელიც ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებს.
თბილისში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრები წუხელ ავტოავარიაში მოყვა. ბულგარული მედიის ცნობით, ეროვნული გუნდი თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში უეფას მოთხოვნის შესაბამისად, ორი ავტობუსით მიდიოდა, რა დროსაც ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა.
ამ ეტაპზე მატჩის გადადება არ იგეგმება. საქართველო-ბულგარეთის შეხვედრა ხვალ, “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე დაიწყება.