ზურაბ ჭავჭავაძემ თავისი ბობოქარი ცხოვრებით საქართველოსთვის იცხოვრა
ყვარელში მრავალი ღირსეული მამულიშვილი დაიბადა და აღიზარდა. ბევრი მათგანის მძლავრი ფესვები ყვარელს უკავშირდება. ყვარლის მთები და ყვარლის მადლიანი მიწა საქართველოს ბეთლემია, სადაც: „გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის…“ იშვა დიდი ილია, წმინდა ილია მართალი.
საქართველოში ჭავჭავაძეების დიდებული გვარი ყოველთვის გამოირჩეოდა მამულიშვილობით. ყვარლელი ჭავჭავაძეების წარმომადგენლებმა შექმნეს მთელი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მათი გვარი ღვთისგან დალოცვილი და საქართველოს წინაშე დიდად დამსახურებული გვარია. ჭავჭავაძეები საუკუნეები ერთგულად იდგნენ სამშობლოს სადარაჯოზე.
დიდებული წინაპრების ბრწყინვალე წარმომადგენელია 1980-იანი წლების საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ჭეშმარიტი ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი ზურაბ ჭავჭავაძე.
ზურაბი დიდი ილიას თაყვანისმცემელი და ილიას გზით მავალი ღირსეული მამულიშვილი გახლდათ. მისთვის ილია და საქართველო სინონიმებს წარმოადგენდა.
ზურაბ ჭავჭავაძე იყო მგზნებარე გულის და სპეტაკი სულის ადამიანი, ნათელი და გამჭრიახი გონებით, სიტყვამართალი, მიზანდასახული, რაინდულად შემართული, დახვეწილი მანერებით და მიმზიდველობით. მას განგებამ უბოძა განსაკუთრებული, ჯადოსნური უნარი ადამიანებთან ურთიერთობისა; დაანათლა მოყვასის სიყვარული, დიდსულოვნება, კეთილშობილება. იგი იყო სამშობლოს უზომოდ მოყვარული და ერთგული.
ზურაბი მთელ თავის ძალ-ღონესა და სასწაულებრივ შემართებას ქვეყნის სამსახურს ახმარდა. მას სწამდა თავისი ქვეყნის არა მარტო წარსული, იგი თავისი საქმით ჰიმნს უმღეროდა ქვეყნის მომავალს და ამასთან ერთად ობიექტრად აღიქვამდა აწმყოს. მას უდიდესი სურვილი ჰქონდა საქართველო ეხილა გაერთიანებული, დამოუკიდებელი, ძლიერი და აყვავებული.
ქართული სიტყვის დიდოსტატი ლევან გოთუა თავის უკვდავ „გმირთა ვარამში“ ბრძანებს: „…გახსოვდეს, საქართველოში ყოველი საქმე _ ბრძოლაა… შრომაცა და ქეიფიც კი. ცუდი ისაა _ საერთო სიკეთეს ყველაზე მეტი ბრძოლა სჭირდება ჩვენში“. ზურაბ ჭავჭავაძემ თავისი ბობოქარი ცხოვრებით საქართველოსთვის, საერთო სიკეთისთვის იცხოვრა და იბრძოლა.
ჭეშმარიტი მამულიშვილის სახელის უკვდავსაყოფად, ახლო მომავალში ყვარელში ზურაბ ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნება, გადაწყვეტილება მიღებულია და საქმე დაწყებულია. ყვარლის საზოგადოება მიესალმება საქართველოს მთავრობის ამ ეროვნულ ნაბიჯს. ახლა საჭიროა პროცესების დაჩქარება. დროის დაკარგვა დაუშვებელია, დრო ძვირად ფასობს.
ახლოვდება საქართველოს ეროვნული გმირის დაბადებიდან 70 წლის საიუბილეო თარიღი. 5 თებერვალი ზურაბ ჭავჭავაძის დაბადების დღეა. საიუბილეოდ ჭავჭავაძეთა საგვარეულო წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარედ დაიდგმება ზურაბ ჭავჭავაძის ბიუსტი.
ბიბლია გვმოძღვრავს: „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“. დიახ, ღვთის განგებით დადგა დრო, რომ ზურაბ ჭავჭავაძე ღირსეულად დამკვიდრდეს თავისი წინაპრების მამულში.
ჩვენთან არს ღმერთი!
ოთარ დავითაშვილი
ყვარლის მუნიციპალიტეტის „მედია-ცენტრის“
დირექტორის მოადგილე, ფაზისის აკადემიის
კახეთის მხარის რეგიონალური ცენტრის
ხემძღვანელი