კაპანაძე: თუ კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, შესაძლოა გადავდოთ 4 აპრილის აქცია

თუ კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ვიტოვებთ უფლებას, გადავდოთ 4 აპრილის აქცია, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“კორონავირუსის კონტექსტში ერთი განცხადება უნდა გავაკეთო 4 აპრილთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი, როდესაც “ლეიბორისტების” ოფისში ოპოზიციური პარტიები შევიკრიბეთ და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დავიტოვოთ უფლება, გადავდოთ ეს აქცია თუ ის მდგომარეობა შენარჩუნდა ქვეყანაში, რაც დღეს არის შექმნილი კორონავირუსის გამო, ან გაუარესდა. ჩვენ პასუხისმგებლობით ვუყურებთ ჩვენს როლს და არ გვინდა, რომ საფრთხის წინაშე დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეები.

ახლა 4 აპრილი ძალაშია, მაგრამ თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ვიტოვოთ უფლებას, რომ ეს გადავდოთ და დამატებით ვაცნობოთ საზოგადოებას, რადგან ვხედავთ, რომ მოწოდებები და რეკომენდაციებია, მათ შორის შესაბამისი საერთაშორორისო ორგანიზაციებიდან, რომ მოვერიდოთ ხალხმრავლობას”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

Comments
Loading...