„სრულ სოლიდარობას ვუცხადებ საბერძნეთსა და ბულგარეთს. საფრანგეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის გაძლიერებაში და ოპერატიულად დაეხმაროს საზღვრების დაცვაში“, – წერს მაკრონი.
მისი თქმით, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს არიდებული საემიგრაციო და ჰუმანიტარული კრიზისი, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ.
მანამდე, 1 მარტს, საბერძნეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტელიოს პეტსასმა, თურქეთის საზღვრიდან მიგრანტების ქვეყნის ტერიტორიაზე შედინებას საბერძნეთის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის შექმნილი საფრთხე უწოდა.
საბერძნეთის ხელისუფლების ლიდერმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება დაიცავს თავის საზღვრებს და მიგრანტებს ურჩია, რომ არ სცადონ საბერძნეთის ტერიტორიაზე შეღწევა, ვინაიდან ყოველი არალეგალი მიგრანტის დეპორტაცია მოხდება.
29 თებერვალს, თურქეთმა, სირიიდან წამოსული მიგრანტებისთვის გახსნა თავისი საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებისაკენ. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი ვეღარ შეინახავს მიგრანტებს, ვინაიდან ევროკავშირმა არ შეასრულა თავისი დანაპირები და თურქეთში ახლო აღმოსავლეთიდან მოხვედრილი მიგრანტებისთვის ანკარას არ გამოუყო ნაკისრი ფინანსური დახმარება.