მეცნიერებმა ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ასაკი დაადგინეს
მეცნიერების თქმით, მათ განსაზღვრეს ის მაქსიმალური ასაკი, რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ სრულყოფილი ჯანმრთელობის მქონე ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური პერიოდი 120-დან 150 წლამდეა. კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ავტორების თქმით, ამ ასაკის მიღწევა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც გაუმართლებთ და ისეთი ჯანმრთელობა შეხვდებათ, რომ გულის და კიბოს პრობლემები არ ექნებათ.
სინგაპურში დაფუძნებული კომპანია Gero-ს მკვლევართა ჯგუფმა “დაბერების ტემპი” აშშ-ს, ბრიტანეთის და რუსეთის მონაცემებით შეისწავლა. მკვლევრებმა ყურადღება ბიოლოგიურ ასაკზე გაამახვილეს. ისინი დააკვირდნენ, როგორ იცვლება ადამიანების ბიოლოგიური ასაკი და მისი განმაპირობებელი ფაქტორები. ამას მათ ორგანიზმის დინამიკური მდგომარეობის ინდიკატორი უწოდეს — ეს იგივე ფიზიკური ძალების აღდგენის უნარია, რისი შემცირების შემდეგაც სიკვდილი დგება.
კვლევამ აჩვენა, რომ როგორიც არ უნდა ჯანმრთელი იყოს ადამიანი და რამდენადაც არ უნდა გადაურჩეს ის მომაკვდინებელ დაავადებებს, 120-დან 150 წლამდე, ეს ის ლიმიტია, რასაც ფიზიკურად ვერ გავცდებით.
მაგალითისთვის, რაც აღრიცხულია, ყველაზე დიდხანს საფრანგეთში მცხოვრებმა ჟანა კლიმენტიმ იცოცხლა, რომელიც 122 წლის მოკვდა.
წყარო: On.ge