ადიგენში, სოფელ იმერთუბანში, ხანძრის შედეგად ფორჩხიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი დაახლოებით 16:00 საათზე გაჩნდა, როგორც ადგილობრივები ყვებიან, ამ დროს სახლში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
მეზობლებმა ხანძარი მას შემდეგ შენიშნეს, რაც ცეცხლი სახურავს მოედო.
“მთაში მივდიოდით, ნახევარი საათის გასული ვიყავი, რომ დამირეკეს, შენს სახლს ცეცხლი უკიდიაო და მოვბრუნდით. დილით წყლის გამათბობელით დაიბანა ჩემმა მეუღლემ, მაგას ვუკავშირებთ, ამ დროს შუქიც ჩაქრა, რომ მოვიდა, მაშინ გაჩნდა ალბათ“, – ამბობს ოჯახის დიასახლისი ირმა მაზაშვილი.
ადიგენის და ახალციხის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის არსენ ბალახაშვილის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობა დაზარალებულ ოჯახს სამშენებლო მასალით დაეხმარება, რაც შეეხება ალტერნატიულ ფართს, სადაც ღია ცისქვეშ დარჩენილ ოჯახს დროებით შეიყვანენ, ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს.
დაზარალებული ოჯახი დროებით ამავე სოფელში ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახს შეაფარებს თავს
imedinews.ge