10 000-ზე მეტი მოქალაქე უფასო სასადილოებით ვერც 2016 წელს ისარგებლებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 10 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი თბილისელი უფასო სასადილოებით ვერც 2016 წელს ისარგებლებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია უფასო სასადილოების საკითხით რამდენიმე კვირის წინ დაინტერესდა და ამ კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლა.

ჩატარებული ანალიზის თანახმად, 2015 წელს თბილისის ათ რაიონში 60-ზე მეტი უფასო სასადილო ყოველდღიურად 32,157 სოციალურად დაუცველ ადამიანს უწევს მომსახურებას. სასადილოს მომსახურებით სარგებლობა ბენეფიციარს დღეში ერთხელ შეუძლია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანალიზის თანახმად, დღიურად თითოეული ბენეფიციარის გამოკვების ზედა ზღვარი 1.18 ლარია, თუმცა თბილისის არაერთი რაიონის გამგეობამ უფრო დაბალფასიანი მომწოდებლებიც გამოავლინა.

„2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უფასო სასადილოების დაფინანსება 407.9 ათასი ლარით 13.89 მილიონიდან 14.29 მილიონამდე იზრდება, რაც დამატებით მხოლოდ 1 402 ადამიანს მისცემს ამ მომსახურებით სარგებლობის საშუალებას, მაშინ როცა დაახლოებით 10,500 ადამიანი კვლავ განუსაზღვრელი დროით რჩება საკვების მოლოდინში. მომლოდინე ადამიანების რიცხვი კი, ყოველ დღე იზრდება“, – აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მათივე გათვლებით, მომლოდინეთა სიებში არსებული პირების – ანუ თბილისის ყველა იმ მოქალაქის გამოსაკვებად, რომელიც უფასო სასადილოს მომსახურებითაა დაინტერესებული, წელიწადში დაახლოებით 4.5 მილიონი ლარის დამატებაა საჭირო, რაც თბილისის 810 მილიონიანი ბიუჯეტისთვის დიდ ტვირთს არ უნდა წარმოადგენდეს.

„სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თბილისში უფასო სასადილოების დაფინანსება 2016 წელს 2013 წელთან შედარებით 93.5%-ით იმატებს, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა. ამასთანავე, როგორც არაერთ ბენეფიციართან გასაუბრებამ გვაჩვენა, გაუმჯობესდა საკვების ხარისხი და სანიტარული პირობები. მიუხედავად ამისა, 2016 წელს, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით 10,500 ადამიანი კვლავ განუსაზღვრელი დროით რჩება საკვების მოლოდინში“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“.

მათივე თქმით, თბილისის ათივე რაიონის გამგეობების სოციალური განყოფილებების უფროსების და სპეციალისტების დაკვირვებით, უფასო სასადილოების მომსახურებით მოსარგებლეთა უმრავლესობას ნამდვილად სჭირდება უფასო საკვები.

როგორც ორგანიზაციის ანალიზმა აჩვენა, უფასო სასადილოების დაფინანსების ზრდა გამოწვეულია არა იმით, რომ უფასო სასადილოების მომსახურებით სარგებლობა დაიწყეს იმ ადამინებმა, ვისაც რეალურად არ სჭირდება უფასო საკვები, არამედ იმით, რომ საკვების ხარისხის ზრდისა და უკეთესი სანიტარული წესრიგის გამო, უფასო სასადილოების მომსახურებამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნდობა მოიპოვა და მომსახურების შესახებ უფრო მეტმა ბენეფიციარმა შეიტყო.

შესაბამისად, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, იმის რისკი, რომ უფასო სასადილოების მომსახურების მეტი მსურველისთვის შეთავაზებამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი მსურველი გააჩინოს, რომელთაც რეალურად არ სჭირდებათ უფასო საკვები, მინიმალურია.

წყარო
info9

Comments
Loading...