102 მომხრე, 10 წინააღმდეგი – პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 11 მილიარდ 415 მილიონ 475 ათასი ლარით განისაზღვრა.
საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 მილიარდ 457 მილიონ 175 ათასი ლარია, რაც 2016 წელთან შედარებით 1 მილიარდ 312 მილიონ 175 ათასი ლარით იზრდება.
2017 წლის ბიუჯეტში რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება იზრდება. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2016 წლის გეგმასთან შედარებით 253 მილიონ 800 ათასი ლარით იზრდება და განისაზღვრება 3 მილიარდ 415 მილიონ 800 ათასი ლარით.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს პენსიების ზრდა არ იგეგმება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 138 მილიონ 325 ათასი ლარით იზრდება და 2017 წელს 1 მილიარდ 116 მილიონ 165 ათასი ლარით განისაზღვრა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 2016 წლის გეგმასთან შედარებით 208 მილიონ 47 ათასი ლარით იზრდება, და 2017 წელს უწყების ბიუჯეტი 1 მილიარდ 258 მილიონ 47 ათასი ლარით განისაზღვრა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 275 მილიონ 367 ათასი ლარით იზრდება და 2017 წელს უწყების ბიუჯეტი 370 მილიონ 467 ათასი ლარით განისაზღვრა.
2017 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდი 10 მილიონი ლარით მცირდება და 40 მილიონი ლარით განისაზღვრა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სარეზერვო ფონდი იგვე რჩება და ისევ 5 მილიონი გამოიყოფა.
2017 წლიდან იგეგმება აქციზების ზრდა და გადასახადების დაწესება. რითაც, ვარაუდობენ რომ, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო ნაწილი 518 მილიონი ლარით გაიზრდება.
კერძოდ, 2017 წლის 1 იანვრიდან აქციზის გადასახადი გაიზრდება თამბაქოს ნაწარმზე. აქციზის ზრდით კი, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 190-200 მილიონი ლარით გაზრდას ვარაუდობენ.
იგეგმება ასევე ნავთობპროდუქტზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე აქციზის გადასახადის გაზრდა.
ამ შემთხვევაში, ფიქრობენ, რომ საშემოსავლო ნაწილი, 250 მილიონი ლარით იზრდება.
ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი, რაც დაიბეგრება 10%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 5%-ისა.
ამ შემთხვევაში 2017 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 30 მილიონი ლარით ზრდა ივარაუდება.
ამასთან, ფიზიკური პირი, რომლის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე ქონების გადასახადს გადაიხდის.
მსუბუქ ავტომობილზე ქონების გადასახადის დაწესებით, საშემოსავლო ნაწილის 3 მილიონი ლარით ზრდას პროგნოზირებენ.
გაიზრდება ასევე იმპორტირებულ მსუბუქ ავტომობილზე აქციზის გადასახადი. ფიქრობენ, რომ მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 45 მილიონი ლარით ზრდას გამოიწვევს.
წყარო : ipress.ge