20 წლის გოგონას დაკავება – „მან მამაკაცს ყავაში საძილე აბები ჩაუყარა და ხანძარი გააჩინა“

შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობის გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თინათინ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში ნაცნობ ახალგაზრდა მამაკაცს, მისივე საცხოვრებელ ბინაში, ყავაში საძილე აბები ჩაუყარა, რის შემდეგაც ბინაში ბენზინი მოასხა, ხანძარი განზრახ გააჩინა, კარი ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძინარე მამაკაცი, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

სამართალდამცველებმა ქალაქ გორში გვიან ღამით შენიშნეს ახალგაზრდა ქალი, რომლის ქცევაც ეჭვს იწვევდა. მან პოლიციელების დანახვისთანავე მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ, გოგონას ზედაპირული დათვალიერების შედეგად, მისი ერთ-ერთი ჯიბიდან ბინის გასაღები და მობილური ტელეფონი ამოიღო, რომლებიც, როგორც შემდეგ დადგინდა, გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნოდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

Comments
Loading...