5 წიგნი, რომელიც დიდ გადატრიალებას მოახდენს თქვენს გონებაში

ყველა წიგნი განსხვავებულია. ზოგიერთი კითხვის დასრულებისთანავე გვავიწყდება, ზოგი კი შეიძლება მთელი ცხოვრება გვახსოვდეს. ასეთი წიგნების მოძებნა საკმაოდ რთულია და კითხვა კი მეტად სასიამოვნო. კითხვის პროცესში შეიძლება იმდენად ვიყოთ გართული, რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხოთ და დასასრულს გულიც კი დაგვწყდეს, ასე მალე რომ დამთავრდა.

გთავაზობთ 5 წიგნს, რომელიც თქვენს გონებას ააფეთქებს, ჩაგითრევთ, მოგაჯადოებთ და ვერ შეძლებთ მისგან თავის დახსნას, ძალიან დიდხანს …

ნორვეგიული ტყე – ჰარუკი მურაკამი

ტოკიო, XX საუკუნის 60-იანი წლების მიწურული, დრო, როდესაც იაპონელი სტუდენტები, მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების მსგავსად, ამბოხებებს აწყობენ არსებული წესრიგის წინააღმდეგ.

მთავარი გმირი, სტუდენტი ტორუ ვატანაბე კი ვერაფერს ამჩნევს, მას ორი ქალი უყვარს – ფსიქიკურად ტრავმირებული მშვენიერი ნაოკო და სიცოცხლით სავსე, ემოციური მიდორი.

რომანი მოგვითხრობს ადამიანების რთული ბედის, დანაკარგების, სიყვარულისა და სექსუალური ცხოვრების შესახებ.

თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანი „ნორვეგიული ტყე“ 1987 წელს გამოიცა და ავტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

2010 წელს გამოვიდა ამავე სახელწოდების ფილმი.

წიგნის ქურდი – მარკუს ზუზაკი

ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელსტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობელზე, ეს ჰიმელს-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.

ამერიკელი ღმერთები – ნილ გეიმანი

ამერიკა ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ მხარეს სხვადასხვა ერის მითიური არსებები და ღმერთები დგანან, მეორე მხარეს კი მედიის, ტექნოლოგიის, ნარკოტიკების ღმერთები არიან. წიგნის – „ამერიკელი ღმერთები” – ავტორი ნილ გეიმანი გვარწმუნებს, რომ ღმერთები არსებობენ იმიტომ, რომ ხალხს მათი არსებობის სჯერა, ისინი ჩვენი რწმენით იკვებებიან. თანამედროვე ადამიანს კი ტექნოლოგიის უფრო სჯერა, ვიდრე ოდინის ან ანუბისის არსებობის. სისხლიან ბრძოლაში ძველი ღმერთები ახალ ძლევამოსილ მოწინააღმდეგესთან ნელ-ნელა მარცხდებიან.

ბილი მილიგანის მრავალი გონება – დენიელ კიზი

ბილი მილიგანს შეუძლია ნებისმიერი ვინმე იყოს, გარდა საკუთარი თავისა. საკუთარ ქცევაზე კონტროლდაკარგულ ბილი მილიგანს 24 ცალკეული პიროვნება ტანჯავდა, რომლებიც მის სხეულზე ბატონობისთვის იბრძოდნენ. ბრძოლამ კულმინაციას 1977 წლის მიწურულს მიაღწია – ბილიმ ციხეში გაიღვიძა, სადაც სამი ქალის გატაცებისა და გაუპატიურებისთვის ჩასვეს. გადამწყვეტ სასამართლო პროცესზე ბილი მრავლობითი პიროვნების აშლილობით გამოწვეული შეურაცხადობის მიზეზით უდანაშაულოდ ცნეს. ეს ისტორიაში პირველი ამგვარი სასამართლო განაჩენი იყო, რომელმაც მრავლობითი პიროვნების შემთხვევებიდან ყველაზე გამორჩეულ და სულისშემძვრელ ამბავს მოჰფინა ნათელი.

მეცამეტე ზღაპარი – დაიან სეტერფილდი

მარგარეტ ლი მუშაობს მისი მამის ანტიკვარიატის მაღაზიაში. მარგარეტს გაუკვირდება, როდესაც მიიღებს ჩვენი დროის ყველაზე ცნობილი მწერლისგან შეთავაზებას გახდეს მისი ბიოგრაფი.

© sulakauri.ge, biblusi.ge, saba.com.ge

genius.ge

Comments
Loading...