7 მსახიობი, რომელთაც საკუთარი თაყვანისმცემლები შეუყვარდათ
ჰოლივუდის საყვარელ მსახიობთან სასიყვარულო კავშირზე, ალბათ, ბევრ თქვენგანს უფიქრია. ზოგმა თაყვანისმცემელმა ოცნება აიხდინა და საკუთარი კერპის მეორე ნახევარიც კი გახდა. ნახეთ, ჰოლივუდის მსახიობები, რომელთაც საკუთარი თაყვანისმცემლები შეუყვარდათ.
1. მეთ დეიმონი
მეთ დეიმონი მართლაც რომ ყველასათვის საყვარელი მსახიობია. თუმცა მისი გული მხოლოდ ერთი თაყვანისმცემლის, ლუსიანა ბაროზოს სიყვარულს იტევს. მათი ურთიერთობა ზღაპარს გავს, ბაროზო წლების განმავლობაში დეიმონის თაყვანისმცემელი იყო, 2003 წელს ისინი სრულიად შემთხვევით იმ კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ბაროზო მიმტანად მუშაობდა. 2005 წელს წყვილი დაქორწინდა, ისინი დღემდე ერთად არიან.

2. ადამ სენდლერი
ცნობილი კომიკოსი პოპულარობის ზენიტში იყო, როდესაც მომავალი ცოლი, ჯეკი ტიტონე გაიცნო. იმ დროს სენდლერის დიდ თაყვანისმცემელს კინოსფეროში მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა. მაჭანკლის როლი სენდლერის კოლეგამ და მეგობარმა რობ შნაიდერმა მოირგო, რომელიც ტიტონეს იცნობდა. მსახიობს მომავალი ცოლი ერთი ნახვით შეუყვარდა, ისინი რამდენიმე წელი ხვდებოდნენ, შემდეგ იქორწინეს, დღემდე ერთად არიან და ორ შვილს ზრდიან.

3. პატრიკ დემპსი
„გრეის ანატომიიდან” ყველაზე სასურველი მამაკაცი პატრიკ დემპსი უკვე ოცი წელია ჯილიან ფინკთან ერთად ცხოვრობს. ეს უკანასკნელი თავდაპირველად მსახიობის დიდი თაყვანისმცემელი იყო. 90-იან წლებში ფინკი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სალონში მუშაობდა. ვიზიტზე პატრიკ დემპსი ჩაეწერა, სტილისტს თავდაპირველად ხუმრობა ეგონა და ვერ იჯერებდა, რომ მისი საყვარელი მსახიობისთვის უნდა შეეჭრა თმა. წყვილმა 1999 წელს იქორწინა, მიუხედავად პრობლემებისა და ყვითელ პრესაში გავრცელებული დაშორების ცნობებისა, დემპსი და ფინკი დღემდე ერთად არიან.

4. რიზ უიზერსპუნი
წლების განმავლობაში ოსკაროსანი რიზ უიზერსპუნი ძირითადად კოლეგებთან ურთიერთობდა, მაგრამ სასიყვარულო კავშირები არც თუ ისე მყარი აღმოჩნდა. მისი პირველი ქმარი რაიან ფილიპი იყო. შემდეგ, წლების განმავლობაში, ხვდებოდა ჯეიკ ჯილენჰოლს. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, რაც ქასთინგის რეჟისორი, ჯიმ ტოტი გაიცნო. ტოტს ყოველთვის უნდოდა სადმე გადაჰყროდა საყვარელ მსახიობს, რას წარმოიდგენდა, რომ მათი შეხვედრა ცხრაწლიან ქორწინებაში გადაიზრდებოდა. წყვილი ერთად სამ შვილს ზრდის.

5. ტობი მაკგუაიერი
2003 წელს „ფავორიტის” გადაღებებზე მყოფმა ტობი მაკგუაიერმა საიუველირო მაღაზიაში შეიარა, სადაც მომავალი ცოლი, ჯენიფერ მეიერი გაიცნო. იმ დილით მეიერი ვერ იფიქრებდა, რომ ადამიან-ობობასთან გაატარებდა ცხოვრების უახლოეს წლებს. წყვილი წლების განმავლობაში ხვდებოდა. მათ უკვე პირველი შვილი ჰყავდათ, როდესაც 2007 წელს იქორწინეს. სამწუხაროდ, მაკგუაიერი და მეიერი ათი წლის შემდეგ დაშორდნენ.

6. ტომ კრუზი
მართალია, ქეითი ჰოლმსი დღეს ცნობილი მსახიობია, მაგრამ თინეიჯერობისას მისი ოთახი „წვიმის კაცის” და „შეუსრულებელი მისიის” პოსტერებით იყო აჭრელებული. ტომ კრუზი მისი კერპი და პირველი სიყვარული იყო. კრუზი და ჰოლმსი 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავური წყვილი იყო, მათ შვილი, სური შეეძინათ. მათი ოჯახური თანაცხოვრება ექვსი წელი გაგრძელდა. როგორც ამბობენ, ჰოლმსი ქმრის რელიგიამ, საიენტოლოგიამ შეაშინა.

7. კრისტიან ბეილი
კრისტიან ბეილის თაყვანისმცემელი, სიბი ბლაჟიჩი უაინონა რაიდერის ასისტენტი იყო. გადასაღებ მოედანზე დაწყებული რომანი მყარ ოჯახად ტრანსფორმირდა. ბეილი ყველა სამადლობელ სიტყვაში სიყვარულით და პატივისცემით მოიხსენიებს ცოლს, რომელიც მის რთულ გარდასახვებს ოცი წელია გაგებით ეკიდება. ბლაჟიჩს და ბეილის ორი შვილი ჰყავთ.

წყარო: Regarder.ge