ადვოკატი გიორგი მდინარაძე ფიზიკური შეურაცხყოფის დეტალებს იხსენებს
ნაცემი ადვოკატი გიორგი მდინარაძე სამართალდამცველების მიერ მისი შეურაცხყოფის დეტალებს იხსენებს. როგორც ადვოკატი ყვება, მის შეურაცხყოფას ერთი პირი ახორციელებდა და მიუხედავად არაერთი მოწოდებისა დაწყნარებულიყო, პოლიციელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
გიორგი მდინარაძის ინფორმაციით, მას ხელბორკილები დაადეს და ისე სცემდნენ.
“მე შევედი მათთან და ვუთხარი, რომ ჩემმა კლიენტმა, არასრულწლოვანმა დუმილი აირჩია. ამის შემდეგ წავდით გამომძიებელთან დაკითხვის დასაწყებად. ამასობაში ეს პირი მოვიდა და დამიწყო თავის დარტყმა და უნდოდა პროვოკაციაზე წავსულიყავი. მე კარგად ვიცნობ პოლიციელებს და თავი მაქსიმალურად შევიკავე, რადგან შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო ჩემს წინააღმდეგ. ჩემი მხრიდან არ ყოფილა სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი. მიუხედავად ჩემი მოწოდებისა დაწყნარებულიყო, მან ხელი დამარტყა. შემდეგ გასცა ბრძანება ჩემი დაკავების და ხელბორკილები დამადეს. მცემდნენ ხან თავით, ხან მირტყამდნენ ხელს მხოლოდ მარჯვენა მხრიდან”, – განაცხადა გიორგი მდინარაძემ.
მისივე თქმით, იმ პირის სახელსა და გვარს, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვერ დაასახელებს, რადგანაც პროკურატურაში არის ძიება დაწყებული, თუმცა აცხადებს, რომ მას ინციდენტამდე აღნიშნულ პირთან ნაცნობობა არ აკავშირებდა.
გიორგი მდინარაძე კლინიკიდან დღეს გაწერეს.