ადვოკატი „მასტერასთვის“ პატიმრობის გაუქმებას მოითხოვს

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი დგებუაძის, იგივე „მასტერას“ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა იწყება, რომელსაც თავად ბრალდებულიც დაესწრება.

როგორც დგებუაძის ადვოკატმა დავით აბესაძემ განაცხადა, დღეს დაცვის მხარე პროცესის გადადებას მოითხოვს, რადგან დაცვამ საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწრო.

ასევე, ადვოკატი „მასტერასთვის“ პატიმრობის გაუქმებას მოითხოვს. როგორც დავით აბესაძე აცხადებს, ამის მიზეზი პროცესუალური დარღვევაა.

„როდესაც მოხდა გიორგი დგებუაძის ექსტრადირება, 48 საათში არ მოხდა აღკვეთის ღონისძიების დადასტურება, ამიტომ, მოვითხოვთ გიორგი დგებუაძისთვის საპატიმრო ღონისძიების გაუქმებას“, – განაცხადა დავით აბესაძემ.

გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წელს, ნავთლუღის ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

„მასტერას“ ჰოლანდიიდან ექსტრადირება საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, რამდენიმე დღის წინ განხორციელდა.

Comments
Loading...