ადვოკატი: „რუსთავი 2“-ის მიმართვა სტრასბურგის სასამართლოს უკვე გადაეგზავნა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტ თამთა მურადაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნით უკვე მიმართა.

„ეს არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ მოთხოვნა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვთხოვთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნება არსებითად განხილული ჩვენი სარჩელი,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

მისი თქმით, არ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს მიერ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პრეცედენტი.

„ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ შანსები ამ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილების არ არის დიდი, ძალიან მინიმალურია. თუმცა, „რუსთავი 2“- ის გუნდმა, რომელიც არის მებრძოლი გუნდი, ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო მაინც გამოგვეყენებინა შანსი, გვეცადა და შესაბამისად მივმართეთ სასამართლოს,“ – აღნიშნა ტელეკომპანიის ადვოკატმა.

იურისტის განმარტებით, სასამართლოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველო ვალდებულია, რომ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების აღსრულება.

უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ 100%-იანი წილის მფლობელია. განჩინების მიხედვით, „რუსთავი 2-ის” 60%-იანი წილის მესაკუთრედ ცნობილია ხალვაში, ხოლო 40% კი მის კუთვნილ შპს „პანორამას“ გადაეცა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა ყარამანიშვილების წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

“უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება”, – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

Comments
Loading...