ადვოკატის მტკიცებით, დავით ბორჩაშვილს სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაპირისპირებულ ჯგუფთან ჰქონდა კონტაქტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი იცავს. ადვოკატი უკვე შეხვდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფს.
ადვოკატი უარყოფს, რომ დავით ბორჩაშვილი დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთანაა“ დაკავშირებული. მისი განცხადებით, ბორჩაშვილი ნამდვილად იყო სირიაში, თუმცა კონტაქტი „სირიის თავისუფალ არმიასთან“ ჰქონდა, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ უპირისპირდება.
„ვნახავთ, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ის კავშირს კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ არ უარყოფს სირიაში ყოფნას.
ის დაჯგუფება, რომელთანაც მას კონტაქტი – ხაზს ვუსვამ, კონტაქტი ჰქონდა, ებრძვის ასადის რეჟიმსაც და „ისლამურ სახელმწიფოსაც“. ეს ორგანიზაცია სირიის თავისუფალი არმიაა. ეს ორგანიზაცია მხარდაჭერილია დასავლეთის მიერ“, – აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დავით ბორჩაშვილი სსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე.
„იუთუბზე“ გავრცელდა ორი ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პანკისელი დავით ბორჩაშვილი ჩანს. ვიდეოები 21 ნოემბერს Al Shishani-ს სახელით შექმნილ „იუთუბის“ არხზეა ატვირთული.
ერთ-ერთ ვიდეოში, სავარაუდოდ, ბორჩაშვილი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებთან ერთად მგზავრობისას არის გადაღებული და შეიარაღებულია. მეორე ვიდეოში დაკრძალვის ცერემონიაა ნაჩვენები, სადაც ასევე, სავარაუდოდ დავით ბორჩაშვილი ჩანს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. ბორჩაშვილს რამდენიმე თვის წინ ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გაურთულდა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
დავით ბორჩაშვილის ახლობლების თქმით, მამაკაცი თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა და მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
წყარო
Info9