ადვოკატის მტკიცებით, პირველი ლედის დაკავებული ძმა ბრალს არ აღიარებს

საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი წარდგენილ ბრალდებას უარყოფს. ამის შესახებ „რუსთავი 2“-თან საუბრისას მგალობლიშვილის ადვოკატმა ზაზა მიქატაძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ჩიჩუას ძმას ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. კერძოდ, საუბარია ორ იარაღზე, რომელიც მიქატაძის თქმით, სროლისთვის უვარგისი იყო.

„ეს იარაღები არ იყო. ეს იყო ესკიზები – უვარგისი რკინის ნაჭრები. მისი გადმოცემით, ეს არის სროლისთვის უვარგისი და ვიზუალურადაც რომ დაათვლიეროთ, მიხვდებით, რომ სროლისთვის ვარგისი არ არის“, – განაცხადა მგალობლიშვილის ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.

ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხვალ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი რამდნეიმე დღის წინ დააკავეს. მგალობლიშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად, რაც ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

Comments
Loading...