ახალი დასკვნის თანახმად, „მონა ლიზა“ სიფილისით „იტანჯებოდა“

უცხოურ მედიაში ფერმწერ ლეონარდო და ვინჩის შექმნილ პორტრეტ „მონა ლიზას“ („ჯოკონდა“) ღიმილის საიდულოს კვლავ აქტიურად განიხილავენ.

კერძოდ, ხელოვნებადმცოდნე ჯონათან ჯონსი ხანგრძლივი კვლევის შედეგად ამტკიცებს, რომ „მონა ლიზას“ ღიმილის უკან მძიმე ტანჯვა იმალება, რაც სიფილისის დამსახურებაა.

The Guardian წერს, რომ და ვინჩმა ფლორენციელი ვაჭრის ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს ცოლი, ლიზა ჯერარდინის პორტრეტი დახატა. იმდროინდელი საეკლესიო ჩანაწერების მიხედვით, ფრანჩესკოს ცოლი აფთიაქში acqua di chiocciole (ლოკოკინების წყალი) სითხეს ხშირად ყიდულობდა, რომელიც სიფილისის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

ჯონსი ამტკიცებს, რომ 1 503 წელს, როდესაც ლიზა დავინჩისთან პოზირებდა, იმ პერიოდში ევროპასა და იტალიაში სიფილისის დაავადება მძვინვარებდა. მიიჩნევა, რომ დაავადება ევროპაში ამერიკიდან დაბრუნებული ექსპედიციის შემდეგ, 1492 წელს მეზღვაურებმა შეიტანეს.

ხელოვნებადმცოდნე იმასაც ამტკიცებს, რომ „ჯოკონდას“ პორტრეტის ფონზე დახატული პეიზაჟი, ლიზას ავადმყოფობასა და ევროპაში სიფილისის შეტანაზე მიანიშნებს.

როგორც ხელოვნებადმცოდნე ხსნის, ზღვის ფონზე დახატული მთები ახლადაღმოჩენილ ქვეყანას – ამერიკას ნიშნავს, რაც იმ დროს სიფილისის გავრცელების კერად მიიჩნეოდა და ევროპელი მეზღვაურები ხშირად ავადდებოდნენ.

2016 წელს კი, იტალიელმა მეცნიერმა სილვანო ვინჩენტიმ გამოთქვა ვერსია, რომ ავტორმა „მონა ლიზა“ ანდროგინა – ნახევრად მამაკაცი და ნახევრად ქალი გამოსახა. მეცნიერმა „მონა ლიზას“ სახის ნაკვთებში ლეონარდო და ვინჩის საყვარლის, ჯანა ჯაკომო კაპროტის მსგავსება აღმოაჩინა, რომელიც უფრო ცნობილი სალაის სახელით იყო.

ცნობილი პორტრეტი ლეონარდო და ვინჩიმ 1503-1505 წელს შექმნა.

Comments
Loading...