აღნიშნული ცვლილების შეტანა რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარეობს. მათ შორისაა, როგორც საერთაშორისო ვალდებულება, ისე გადასახადისგან თავის არიდების გახშირებული შემთხვევები. კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება დღგ-ის მარეგულირებელი ნორმების ჰარმონიზაცია მოახდინოს ევროპის საბჭოს №2006/112 დირექტივასთან.
აღნიშნული მუხლი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის საკითხებს აწესრიგებს. დირექტივის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრას წინასწარი გადახდა (ავანსი) ექვემდებარება, დღგ კი, მიღებული თანხის ოდენობას ერიცხება და გადახდის მიღების მომენტში გადაიხდება.
გარდა ამისა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არსებითად წინ უსწრებს თვითონ საქონლის მიწოდებას. არსებული პრაქტიკით, პრობლემურ საკითხს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემდგომ დასაბეგრი ოპერაციის დეკლარირება, როდესაც საქონლის მიმწოდებელს/მომსახურების გამწევს კუთვნილი გადასახადის თანხა ოპერაციის დაბეგვრის მომენტში უკვე გახარჯული აქვს.
ანალიზი ცხადყოფს, რომ დღეის მდგომარეობით, კომპანიებს ასობით მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება ერიცხებათ, რომელიც წარმოშობილია იმ მიზეზით, რომ დაბეგვრის მომენტში გადასახადის თანხა კომპანიებს აღარ გააჩნდათ, რის გამოც მისი ადმინისტრირება ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც ასევე, იწვევს ბაზარზე არათანაბარი კონკურენციის პირობებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიზანსაც აქამდე არსებული ორმაგი მარეგულირებელი ნორმის გასწორება წარმოადგენდა. ეს საკითხი განხილული იყო ბიზნესის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით, მათთან, ვისაც უშუალოდ შეეხება აღნიშნული ცვლილება.
საგადასახადო კოდექსის ცვლილებამ მოაწესრიგა საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც იძლეოდა გადასახადის გადახდის თავიდან არიდების შესაძლებლობას და ის ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვა.