ალეკო ელისაშვილი: დავით ნარმანიამ კეთილი ინებოს და მოცუნცულდეს საკრებულოში
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უნდა მივიდეს.
ელისაშვილის თქმით, იმ კითხვებზეა პასუხები გასაცემი, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის საკითხს ეხება.
„ჩვენ აქ არ ვთამაშობთ სახლობანას, საერთოდ არ მაქვს ნარმანიასთან სათამაშოდ საქმე. ძალიან მძიმე კორუფციულ სკანდალზე ვლაპარაკობთ. იმაზე, რომ ჯიბეში ჩაუდეს მოსამართლეს მილიონიანი ქონება გარკვეული საზღაურის და გადაწყვეტილების სანაცვლოდ.
ამაზე პასუხია გასაცემი. ვისაც მართლა ეკუთვნოდა, კაპიკი კომპენსაცია არ მიუცია. ნარმანიამ კეთილი ინებოს, ჩაიხედოს კანონში და მოვიდეს, მოცუნცულდეს საკრებულოში“, – განაცხადა ელისაშვილმა.
საკრებულოს გაერთიანებული ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და საკრებულოში თბილისის მერის დავით ნარმანიას მისვლას ითხოვს.