ალეკო ელისაშვილი გავლენიანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, კონკრეტულ პოლიტიკოსებს კორუფციის ბრალდებას უყენებს. დეპუტატი მათ გვარებს ამ ეტაპზე საჯაროდ არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მათ შესახებ საგამოძიებო უწყებას სრული ინფორმაცია მიაწოდა.
ალეკო ელისაშვილი იმ პერიოდზე საუბრობს, როდესაც ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო.
ელისაშვილის მტკიცებით, მან ზეწოლისა და კორუფციული გარიგების შესახებ მიღებული ინფორმაციის შესახებ ყველა შესაბამის უწყებას მაშინვე აცნობა.
ის ამბობს, რომ ინფორმაცია მიაწოდა მაშინდელ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, თავდაცვის მოქმედ მინისტრს, თინა ხიდაშელს, რომელიც მაშინ დეპუტატი იყო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელ უფროსს, ლაშა აბაშიძეს, რომელიც ამჟამად თბილისის ვიცე-მერია და ასევე საქმის კურსში ჩააყენა ქვეყნის პრეზიდენტიც.
ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმავე დღეს დაადასტურა შეწყალების კომისიის მოქმედმა თავმჯდომარემაც.
ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ იმ პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეების მხრიდან, ვისზეც საკრებულოს დეპუტატი საუბრობს, არაჯანსაღი ინტერესი კონკრეტული პატიმრების მიმართ მისი თავმჯდომარეობის დროსაც გაგრძელდა.
ალეკო ელისაშვილის მეირ გაკეთებული განცხადებები უარყოფითად შეაფასეს მმართველ გუნდში.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეჭვები პატიმართა შეწყალების თუ საყოველთაო ამინისტიის დროს პოლიტპატიმართა სიების შედგენის პროცესში მაღალი თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებების შესახებ, მანამდეც არსებობდა.
საქმე მთავარ პროკურატურაში ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით აღიძრა.
ავტორი: ეკა გაგუა