ალილოს მონაწილეებმა პრეზიდენტს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს
საშობაო ალილოს მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დღეს, ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს.
პრეზიდენტის სასახლეში ალილოს მსვლელობის მონაწილეებს გიორგი მარგველაშვილმა საშობაო საჩუქრები ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად გადასცა.
„დღეს, ამ მშვენიერ მზიან დღეს მსურს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული; დღე, როდესაც ჩვენში იბადება ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთისათვის მხარდაჭერისა და გაზიარების უნარი. ეს მშვენიერი რიტუალიც ამის გამოხატვაა, როდესაც ჩვენ გვაქვს უნარი გვიყვარდეს ერთმანეთი და ვუზიარებდეთ სიკეთეს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები პირველად, პარლამენტის შენობასთან შეჩერდნენ, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრები შეეგებნენ.
პარლამენტის სასახლიდან მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ გაგრძელდა და ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.
ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიტანილი შემოწირულობანი ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაუნაწილდებათ. ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს და მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II კურთხევით 2001 წელს აღდგა.