ამ თვალსაზრისით, ჩვენთან სტაბილურობაა – ნარმანია სახელფასო დანამატებზე

თბილისის მერიამ სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით სახელფასო დანამატები 80%-დან 50%-მდე შეამცირა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ სახელმწიფო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით, მერიაში სტაბილური მდგომარეობაა.

„თბილისის მერიაში რაიმე სახის ცვლილება გაზრდასთან დაკავშირებით არ ყოფილა, პირიქით, შემცირდა. მაგალითისთვის, თუ 80%-იანი დანამატები გაიცემოდა, ეს დანამატები 50%-მდეა შემცირებული სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით, ჩვენთან სტაბილურობაა. არაფერი თბილისის მერიის სისტემაში არ გაზრდილა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე მუშაობა დაასრულა და 291 გვერდიანი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტში განსახილველად გადაუგზავნა.

დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს სახელმწიფო მოხელეთა სახელფასო დანამატებზე სამინისტროებმა ორჯერ მეტი თანხა დახარჯეს.

Comments
Loading...