ამერიკელი მილიარდერი ტრამპს მომავალ დიქტატორს უწოდებს და წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებს

ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მკაცრად აკრიტიკებს, მას მომავალ დიქტატორს უწოდებს და აცხადებს, რომ ის მსოფლიოს სავაჭრო ომში ჩათრევას შეეცდება, თუმცა ფიასკოს განიცდის.

ამის შესახებ სოროსმა საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში განაცხადა.
ბიზნესმენი დარწმუნებულია,  რომ ამერიკელი ლიდერი “თვითმარქვია და თაღლითია”, რომელიც “საკუთარი გამარჯვებით, გაოცებული იყო”.
მისი თქმით, ტრამპი “სავაჭრო ომისთვის ემზადება”, რომელსაც “ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის შორსმიმავალი შედეგები ექნება”.
“დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი ფიასკოს განიცდის, რადგან იდეები, რომლებითაც ის ხელმძღვანელობს, შიდა წინააღმდეგობებს შეიცავენ”, – განაცხადა სოროსმა.
სოროსმა ასევე ისაუბრა ევროპაზეც. მისი ვარაუდით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ხელისუფლებას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს, რადგანაც ბრექსითიმ მისი ხელისუფლება გაყო და საბოლოო ჯამში, ინგლისი ევროკავშირში კვლავ გაწევრიანდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ “საოცარი 2016 წლის” შემდეგ ევროპას ბნელი მომავალი ელოდება. მისი აზრით, კონტინენტი ბევრ პრობლემაში გაეხვია, რის შედეგადაც “ანტიევროპული პარტიები” პოპულარული ხდებიან.

დღეს, დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის თავის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

Comments
Loading...