ამერიკულმა სპეცნაზმა ერაყში თარხან ბათირაშვილი დააკავა
უცხოური მედიის ინფორმაციით, ამერიკულმა სპეცნაზმა ერაყში ჩატარებული ოპერაციის შედეგად “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი აბუ ომარ ალ-შიშანი დააკავა.
სააგენტო “EIN”-ის ცნობით, ამერიკულმა სპეცნაზმა ოპერაციის მსვლელობისას ალ-შიშანის გარდა, “ისლამური სახელმწიფოს” კიდევ ორი საველე მეთაურიც დააკავა და ასევე შვიდი ბოევიკი გაანადგურა. სპეცოპერაცია 25 დეკემბერს კირკუკის პროვინციაში, ერ-რიადის რაიონში ჩატარდა.
სააგენტოს ინფორმაციით, ექსტრემისტები ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სულეიმანიაში გადაიყვანეს.
ცნობისთვის 2015 წელს საინფორმაციო საშუალებებში “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერის აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა საბოლოო ჯამში აღნიშნული ფაქტი არც ერთხელ არ დადასტურებულა.
ადგილობრივების განცხადებით, პანკისის ხეობაში “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.