“ამომღები კომპანიების” ტერორი უკანონოა!

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფება. საკრედიტო ორგანიზაციების მომრავლებასთან ერთად, გააქტიურდნენ “სესხის ამომღები” კომპანიები, რომლებიც მარტივ ფულს ტერორის გზით შოულობენ. ამასთანავე, ეს კომპანიები არღვევენ კანონს და არ იცავენ მსესხებლის პერსონალურ ინფორმაციას. ამიტომ პროკურატურა მათი საქმიანობით უნდა დაინტერესდეს.

როზა პეტროსიანი თბილისში, სამგორის რაიონში ცხოვრობს. მოულოდნელად მას სახლში პრობლემური სესხის ამომღები ერთ-ერთი კომპანიიდან მიადგნენ და უთხრეს, რომ მის შვილს ერთ-ერთი ბანკის დავალიანება ჰქონდა. თუკი 2 კვირის განმავლობაში სესხს არ დაფარავდნენ, მისი სახლი აუქციონზე გაიყიდებოდა.

“ვიღაც კაცი მესტუმრა სახლში და პირველად გავიგე, რომ ჩემს შვილი საბანკო დავალიანება ჰქონდა. საკრედიტო ბარათი აუღია, ფული დაუხარჯავს და რამდენიმე თვეში დავალიანება 2000 ლარამდე ასულა. ამ თანხაზე მითხრეს, რომ სახლს გამიყიდიდნენ. გამიკვირდა, ვუთხარი, რომ ეს სახლი ჩემს სახელზე იყო გაფორმებული და ჩემი შვილის ვალები მე არ მეხებოდა. იმ კაცმა კი მიპასუხა, რომ ვინაიდან ჩემი შვილი ამ ბინაში იყო ჩაწერილი, მნიშვნელობა არ ჰქონდა სახლი ვის სახელზე იყო რეგისტრირებული, მაინც გამიყიდიდნენ. მე და ჩემს მეუღლეს შიშისგან მთელი ღამე არ გვეძინა, ჩემი შვილი სახლში საერთოდ აღარ მოვიდა და ცალკე ამას ვნერვიულობდით”, – ამბობს როზა პეტროსიანი.

რამდენიმე დღის შემდეგ, ოჯახის წევრებს ისევ დარეკეს და უთხრეს, რომ ორკვირიანი ვადა იწურებოდა და მათი ქონება დაყადაღდებოდა. საბოლოოდ პეტროსიანებმა, თანხა კერძო მევახშისგან საკმაოდ დიდ პროცენტში ისესხეს. შვილის ვალი გაისტუმრეს. ამჯერად, როზა პეტროსიანი ახალი ვალის დასაფარათვად თურქეთში სამუშაოდ არის წასული.

იურისტები განმარტავენ, რომ შვილის ვალის გამო მშობელს სახლს ვერავინ გაუყიდის და ეს იყო კლასიკური შანტაჟის ფორმა. ასეთი მეთოდით კი საქართველოში დაახლოებით 30-მდე “სესხის ამომღები” კომპანია საქმიანობს, რომელთაც მსესხებლების პერსონალურ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი.

საქართველოში ყველაზე მსხვილი კომპანიათა შორის, რომლებიც პრობლემური სესხების ამოღებაზე მუშაობენ, არიან: შპს “ტრიბა”, “საკრედიტო ბიურო”, “საიმედო აუქციონი”, “კაპტო რეალითი”, “აქტივების მართვის ჯგუფი”, “აიემ ჯგუფი”. მათი იურიდიული სამსახურებიდან ურჩ გადამხდელ კლიენტებს უკავშირდებიან და დავალიანების გადახდის მკაცრი და საბოლოო გრაფიკის შედგენაზე მუშაობენ. კერძო კომპანიების გარდა, პრობლემური სესხების ამოღებაზე მუშაობენ თავად კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შექმნილი სტრუქტურებიც.

ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, პრობლემური სესხების ამომღები კომპანიები არ აქვეყნებენ ანგარიშგებას, უცნობია რა პორტფელს ფლობენ ისინი და რამდენ მომხმარებელთან აქვს ურთიერთობა. ზოგადად ამ კომპანიების საქმიანობა აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა.

“ძალიან რთულია იმსჯელო მათ მოქმედებებზე. ხშირად გვირეკავენ მომხმარებლები და გვეუბნებიან, რომ ისეთი მეთოდებით ემუქრებიან, რომლის განხორციელებაც არ შეუძლიათ – დაუყადაღებენ ქონებას, სახლიდან რაიმე ნივთს წაიღებენ. ეს არის სამართალდარღვევა”, – ამბობს გიორგი კეპულაძე და დასძენს, რომ ასეთი მუქარის შემთხვევაში მსესხებელს პოლიციის გამოძახების უფლება აქვს.

“ვფიქრობ, ბანკებში რისკმენეჯმენტისა და რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესების შემდეგ, ბევრი პრობლემური სესხი ასეთ კომპანიებში აღარ მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში მომხმარებელს ვურჩევთ, პრობლემა სასამართლოს გზით მოაგვარონ”, – აცხადებს კეპულაძე.

“ამომღები კომპანიები” ანაზღაურებისთვის სხვადასხვა ფორმა იყენებენ, გააჩნია რამდენად პრობლემურია სესხი. არის შემთხვევა, როდესაც ყიდულობენ ვადაგადაცილებული სესხების პორტფელს ან ამოღებული თანხის 15-20%-ს იტოვებენ. “ბიზნეს-რეზონანსის” ინფორმაციით, ასეთ კომპანიებში, ძირითადად, ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომლები მუშაობენ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი ასოციაციის წევრები “სესხის ამომღებ” კომპანიებს ძალიან იშვიათად მიმართავენ და ცდილობენ, რომ ასეთი პრობლემა თავად მოაგვარონ.

“პირადად ჩემი კომპანია (“კრისტალი”) ასეთ ორგანიზაციებს არ მიმართავს. თავად ვმუშაობთ პრობლემურ ვადაგადაცილებულ პორტფელზე. ჩვენი ძირითადი მიდგომა არის შემდეგი – ვიყოთ პრინციპულები და სამართლიანები. კლიენტთან ერთად მოვაგვაროთ ვადაგადაცილების პრობლემა. მეორე – ჩვენი მიზანია, მხოლოდ წმინდა დავალიანების ამოღება და არა ჯარიმები”, – ამბობს ბაკურაძე.

იგი აღნიშნავს, რომ პრობლემური სესხის ამომღები კომპანიები საჭიროა, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდნენ თუ რა მეთოდებით მუშაობენ. “ადამიანების დაშინება და დაჩაგვრა მიუღებელია, თუმცა პრინციპული და სამართლიანი მიდგომის გარეშე აღსრულება ვერ მოხდება და ეკონომიკა ჩამოგვენგრევა. ბალანსია დასაცავი – ვართ კანონმორჩილები და ეს ურთიერთობა არ სცდება ღირსეული ურთიერთობის ზღვარს”, – ამბობს არჩილ ბაკურაძე.

სპეციალისტების განცხადებით, განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობენ მსგავსი კოლექტორული სააგენტოები, მაგრამ მათ საქმიანობას სახელმწიფო ორგანიზაციები აკონტროლებენ. შექმნილია სპეციალური ნორმატიული დოკუმენტები, რომლებიც ასეთი სააგენტოების საქმიანობასა და მოვალეებთან ურთიერთობის წესებს განსაზღვრავს. მაგალითად, აგენტს უფლება არ აქვს, იმოქმედოს დილის 9 საათამდე და საღამოს 10 საათის შემდეგ. უფლება არ აქვს, მოვალეს მიაკითხოს სამსახურში ან შინ, მხოლოდ ტელეფონით უკავშირდება და მისი თანხმობის შემთხვევაში ხვდება. ასევე არ აქვს მუქარის უფლება. ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებშია მოქცეული.

მსესხებლის პერსონალური ინფორმაცია დაუცველია

საქართველოში საკრედიტო ინფორმაციის მიღება ყველას შეუძლია, ვინც “კრედიტინფო საქართველოსთან” მემორანდუმს გააფორმებს. არადა, მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია ერთმა ორგანიზაციამ მეორეს რომ გადასცეს, ამისთვის ამ ადამიანის თანხმობაა აუცილებელი.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” თანადამფუძნებლის მარიკა არევაძის განცხადებით, თუკი ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ არის ჩადებული საკრედიტო ორგანიზაციასა და კლიენტს შორის, მაშინ არც ერთ სტრუქტურას არ აქვს უფლება დაარღვიოს კონფიდენციალურობის პრინციპი და ეს ხელშეკრულება აღსასრულებლად მესამე პირს გადასცეს, მსგავსი ქმედება არის კანონდარღვევაა.

“კანონმდებლობის შესაბამისად პირის შესახებ პერსონალური მონაცემი შეიძლება გაიცეს მხოლოდ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ანუ როდესაც ერთი სუბიექტი მეორე ორგანიზაციას აწვდის ფიზიკური პირის პერსონალურ მონაცემს, ამ პირის თანხმობა უნდა არსებობდეს. თუ ეს არ არსებობს, მაშინ კანონდარღვევაა”, – აღნიშნავს მარიკა არევაძე.

მისი ინფორმაციით, ხელშეკრულებების მიხედვით ბანკი ან სხვა საკრედიტო ორგანიზაცია უფლებას იტოვებს, რომ მსესხებლის პერსონალური ინფორმაცია “კრედიტ ინფო საქართველოს” გადასცეს, მაგრამ არევაძე ამბობს, რომ მას არ უნახავს ისეთი ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ შეიძლება კლიენტის ინფორმაცია გადაეცეს პრობლემური აქტივების მართვის კომპანიებს.

“ეს არის კანონდარღვევა. მათი საქმიანობის არანაირი სტანდარტი არ არსებობს. ევროპის ქვეყნებში პირდაპირ არის გაწერილი ნორმატიული პროცედურები თუ რა სტანდარტით უნდა იმუშაონ ამ ტიპის კომპანიებმა. ჩვენთან ასეთი რამ არ არსებობს და ხშირ შემთხვევაში ადამიანის უფლებები ირღვევა. მაგალითად, კომპანიის წარმომადგენლები მსესხებელს ემუქრებიან, რომ თუკი თანხას დროულად არ გადაიხდის, მათთან მოლაპარაკებაზე არ წამოვა, მის ინფორმაციას მიაწვდიან ოჯახის წევრებსა და სხვა ახლობლებს, რაც უკვე კანონის დარღვევაა, ვინაიდან პირის თანხმობსი გარეშე პერსონალური ინფორმაციის სხვა პირისთვის გადაცემა არ შეიძლება”, – განმარტავს არევაძე.

სწორედ ამიტომ, სპეციალიტების აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემას სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე მიექცეს სათანადო ყურადღება და დროულად დაინტერესდეს პროკურატურა “ამომღები კომპანიების” საქმიანობით.

წყარო: www.resonancedaily.com

Comments
Loading...