ამზადებს თუ არა „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის არჩილ თალაკვაძესა და ოთარ აბესაძეს?
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო და უფრო იმატებს ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით მოხდება ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის განახლება, რომელი ახალი სახეები შევლენ ქართულ პოლიტიკაში და რომელი პოლიტიკოსები წამოიწევიან წინა პლანზე “ქართული ოცნების” რიგებში.
როგორც „აქცენტისთვის“ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნება“ პარლამენტისთვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველს ოთარ აბესაძესა და შს მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს ამზადებს.
„მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა საპარლამენტო გუნდის განახლება და მოსახლეობას დაპირდა განათლებული, პროგრესული პოლიტიკოსებით დაკომპლექტებულ საპარლამენტო სიას. ამ ეტაპზე აქტიურად განიხილავენ აბესაძისა და თალაკვაძის კანდიდატურებს. საუბარია ახალგაზრდა თაობაზე, ასევე თუ პირმა არ იცის ორზე მეტი უცხო ენა, კანონმდებლობასთან არ ქონია შეხება მისთვის პარლამენტის კარები დახურულია“– განუცხადეს „აქცენტს“ პარტიის კულუარებში.
„აქცენტი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად აბესაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს არ არის სიმართლე, თუმცა მე იქ ვიდგები, სადაც ჩემს გუნდს დასჭირდება“– განუცხადა „აქცენტს“ აბესაძემ.
რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, „აქცენტი“ მათან დაკავშირებას ცდილობს და მის კომენტარს მოგვიანებით მოგაწვდით
წყარო – საინფორმაციო სააგენტო აქცენტი