ანა დოლიძე ე.წ. მოსმენების კანონზე: ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სუს-ისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს
პარლამენტი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის სასესიო განხილვას განაგრძობს.
მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კიდევ ერთხელ აფასებს და აცხადებს, რომ ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია სამ ძირითად საკითხს ეხება.
მისი თქმით, საუბარია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სრულ დამოუკიდებლობაზე, მის ზედამხედველობასა და ბიზნესის ინტერესების დაცვაზე.
„ჩვენ უკვე არაერთხელ გამოვხატეთ პოზიცია მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს ეხება სამ ძირითად საკითხს. პირველი – სააგენტო იყოს დამოუკიდებელი სუს-ისგან, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს დირექტივა; ის, რომ ბიზნესი უნდა იყოს დაცული და არ უნდა მოხდეს ამ კანონპროექტით ბიზნესის ინტერესებზე შეხება და ის, რომ ყველა უფლებამოსილება, რომელიც სააგენტოს ექნება, უნდა იყოს შესაბამისი ზედამხედველობის ქვეშ ინსპექტორისგან, ან სასამართლოსგან“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობას კვლავ პირველი მოსმენის რეჟიმში განაგრძობს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობამ საკითხის განხილვის დასრულდება გუშინ ვერ შეძლო.
ცვლილებებს დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცნობს, რომლის მიხედვითაც იქმნება, სპეციალური სამსახური – საჯარო სამართლის იურიდიული პირი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი უწყება იქნება, თუმცა ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრისა და პარლმენტის წინაშე იქნება.