აფრიკაში რუსულ ენაზე მოლაპარაკე კანიბალთა ტომი აღმოაჩინეს
საერთაშორისო ეთნოლოგიურმა ექსპედიციამ, სახელწოდებით „აფრიკული წრე“, 72 ადამიანისგან შემდგარი კანიბალების აგრესიული ტომი აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ტანზანიის საზღვართან მდებარე ტყეებში აღმოაჩინა…
სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის მკვლევარები რამდენიმე მიმართულებით აგროვებდნენ ინფორმაციას: „შავი კონტინენტის“ აბორიგენი მოსახლეობის ტრადიციები, რიტუალები, წეს-ჩვეულებები და განსაკუთრებული თვისებები.
მკვლევარები გაოგნებულები დარჩნენ, როცა ტანზანიის ტყეში ნაპოვნი ველურები მე-19 საუკუნის რუსი არისტოკრატების ენით ამეტყველდნენ. ეთნოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი და სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ჟელტოვი თავის მოხსენებაში წერდა: „ველურები მე-19 საუკუნის არისტოკრატიისთვის დამახასიათებელი, წმინდა რუსულით საუბრობდნენ. ზუსტად იმ ენით, რომლითაც პუშკინი და ლერმონტოვი მეტყველებდნენ“.
მკვლევარებმა ვითარება სწრაფად შეაფასეს და გაარკვიეს, რომ ველურები ნებისმიერ „უცხოს“ საკვებად აღიქვამდნენ, ამიტომ მათთან კონტაქტის დროს თავს იარაღით იცავდნენ.
თავის მხრივ, კაციჭამიების ბელადიც ხვდებოდა, რომ სანადირო თოფებით შეიარაღებულ თეთრ ადამიანებთან კონფლიქტი მათთვის სასარგებლო არ იქნებოდა, ამიტომ თავაზიანი მასპინძლის როლი მოირგო და დახვეწილი რუსულით – ძვირფასი სტუმრები კერძის მირთმევას ხომ არ ინებებენ? – ექსპედიციის წევრებს საფირმო კერძის „კოცონზე შემწვარი მტრის ხორცის“ დაგემოვნება შესთავაზა.
ექსპედიციამ რუსულად მოსაუბრე კანიბალებთან ნახევარი დღე გაატარა, თუმცა კითხვაზე – სად და ვისგან ისწავლეს ველურებმა მე-19 საუკუნის რუსული? – პასუხი ვერ მიიღეს.
ტომის ბელადმა მოკრძალებით აღნიშნა, რომ მათი ხალხი საუკუნეების მანძილზე ამ ძლიერ, დიად და მშვენიერ ენაზე საუბრობს.
ერთ-ერთი ვერსიით, 1889 წელს აფრიკის სანაპიროზე გადმოსხმულმა კაზაკებმა, რომლებსაც ატამანი აშინოვი ხელმძღვანელობდა, აფრიკაში კულტურული მემკვიდრეობა და შთამომავლობა დატოვეს.
ცნობისთვის – რუსული საინფორმაციო საშუალებები აღნიშნულ ინფორმაციას, რომელიც გამოცემა Felbert`s Freak Collection-მა გაავრცელა, ჟურნალისტების მონაჩმახს უწოდებენ