არ მინდა „რუსთავი 2“-ის მეპატრონის ვინაობა „დუბინკებით“ ირკვეოდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი თამაზ მეჭიაური იმ შეფასებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ურთმელიძის განჩინება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უკლავს.

„რატომ უნდა მოგვისპოს ეს პერსპექტივა, ევროპაში სასამართლო გადაწყვეტილებას პატივს არ სცემენ? ან იქნებ ევროპასა და ამერიკას სასამართლოს მიერ მიღებული ის გადაწყვეტილებები მოსწონთ, რომლებიც მათ აწყობთ? ასე კრიტიკულად თუ უყურებენ ჩვენს სასამართლოს, რაღა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებები მოიწონეს და საქალაქოს გადაწყვეტილებაზე ერთი ამბავი ატეხეს?

პირადად მე ძალიან არ მომეწონა საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება რომ შეაჩერა, მაგრამ გინახივართ, რომ სასამართლო გამეკრიტიკებინა? მე პატივს ვცემ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე პატივს ვცემ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას და არ მინდა, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრის ვინაობა დუბინკებით ირკვეოდეს. აშშ და ევროპა, მგონი, თავად გვასწავლიან, რომ ყველა სადავო საკითხი სასამართლო დავის გზით უნდა გადაიჭრას. რაღა „რუსთავი 2“-ის მესაკუთრის ამბის განხილვა არ შეიძლება? ვინ მისცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს იმის უფლება, ჩვენი მოსამართლეები შეაფასონ?! ეს არის ზეწოლა სასამართლოზე“ -განაცხადა თამაზ მეჭიაურმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი „ჩვენ კი ნუ გველაპარაკება კლასის დამრიგებელივით, ის ჩვენი დამრიგებელი არ არის. თუ რჩევები აქვს, აშშ-ის ელჩსა და სხვა დიპლომატებს ურჩიოს, რომ სუვერენული ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა არ შეიძლება“.

Comments
Loading...