არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი “ქეი-ეს-ბი ბანკს” სპეციალური ვიზიტით ეწვია


თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოში მყოფი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი “ქეი-ეს-ბი ბანკს” სპეციალური ვიზიტით ეწვია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ბანკიდან აცნობეს, შეიხი ნაჰაიანი “ქეი-ეს-ბი ბანკში” აქციათა 45%-ის მფლობელია. ბანკს მისი კუთვნილი უმსხვილესი არაბული საინვესტიციო კომპანია “დაბი ჯგუფი” მეთვალყურეობს.
“მისი აღმატებულება ბოლოს საქართველოში სამი წლის წინ იმყოფებოდა, შესაბამისად, ბანკის მენეჯმენტისა და პერსონალისთვის მისი ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი აღმატებულება ბანკში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მენეჯმენტის ანგარიშს გაეცნო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მისმა აღმატებულებამ შეიხმა ნაჰაიანმა განაცხადა, შეხვედრაზე განხილული შედეგები ძალიან წარმატებულია და ის კმაყოფილია ბანკის მუშაობით. ბანკში მისი გუნდის ვიზიტი კი, დასტურია იმისა, რომ “დაბი ჯგუფი” ქეი-ეს-ბი ბანკს სამომავლო საქმიანობაშიც მხარში უდგას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიანის განცხადებით, ის საქართველოში დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას და ახალი პროექტების დაწყებას გეგმავს”, – ნათქვამია “ქეი-ეს-ბი ბანკის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...