არარსებულ ოპერაციებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ჯამურმა ღირებულებამ 18 5014 ლარი შეადგინა
არარსებულ ოპერაციებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ჯამურმა ღირებულებამ 18 5014 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრების მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, სასაქონლო ზედნადებების გამოწერის ფაქტებთან დაკავშირებით, შესაძლო დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა. კერძოდ, ერთ-ერთი საწარმოს მიერ ტრანსპორტირებული საქონელის გადამოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რეგულარულად ხორციელდებოდა ერთგვაროვანი სახეობის გარკვეული რაოდენობის საქონელზე, სასაქონლო ზედნადებების გამოწერა. შესაბამისად, გამოიკვეთა პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, თუმცა, ფიზიკურმა პირმა უარყო სამეურნეო ოპერაციებში მხარედ მონაწილეობის ფაქტი.
შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული საწარმოს მიერ, მსგავსი სქემით, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე, სხვა შემთხვევებშიც (359 ფიზიკურ პირზე), რეგულარულად ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, სავარაუდოდ არარსებულ სამეურნეო ოპერაციებზე.
სულ გამოწერილია 6142 ერთეული მიწოდების ოპერაციის ამსახველი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 18 5014 ლარი შეადგენა. საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.