აშშ-ში ამერიკელი გლენ ჯაკდებანკი ქართველ გოგონას თავის თირკმელს გადაუნერგავს

სამშაბათს, პირველ დეკემბერს, აშშ-ს ქალაქ ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში, ამერიკელი გლენ კალდერბანკის თირკმელს ქართველ გოგონას, ნინო სარიას გადაუნერგავენ. ოპერაციას NBC პირდაპირ ეთერში გააშუქებს. CBS-მა დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო. მანამდე კი ABC, BBC, PEOPLE და აშშ-ს სხვა წამყვანმა გამოცემებმა თავის მკითხველს მოუთხრეს გლენის და ნინოს საოცარი ისტორიის ამბავი.
გლენმა ნინოს შესახებ შეცდომით განთავსებული განცხადების წყალობით შეიტყო. „შემთხვევით თვალში მომხვდა Egg Harbor City -ში მცხოვრები ნინო სარიას და მისი მეუღლის განცხადება. ნინო და მისი მეუღლე დონორს ეძებდნენ. განცხადება შეცდომით იმ განყოფილებაში იყო განთავსებული, სადაც მე ჩემი სამუშაოსთვის სამშენებლო მასალებს ვეძებდი“ _ ამბობს გლენი.
შემდეგ გლენი შეხვდა ნინოს და მის ამერიკელ ქმარს. ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ გლენს შეუძლია გახდეს ნინოს დონორი. გლენ კალდერბანკი დარწმუნებულია, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო და ეს განცხადება მას გარდაცვლილმა მეუღლემ, ჯესიკამ აპოვნინა.


„ფოსტალიონი” ნინო სარიას მაშინ დაუკავშირდა, როცა ნინო დიალიზს იკეთებდა, თუმცა მან მაინც შეძლო და გაგვესაუბრა: _ოპერაცია ხვალ ტარდება. მე ქმარი მომყვება, გლენს კი მისი მეორე ცოლი. დილის 6 საათზე უკვე ჰოსპიტალში უნდა ვიყოთ. NBC მოდის ჩვენთან ერთად. მოსამზადებელი პროცედურის შემდეგ პირველად გლენს შეიყვანენ. მე მოგვიანებით, ერთ საათში. რამდენიმე საათში გლენთან მივდივართ, ჟურნალისტები მოდიან, შემდეგ კი ჩავბარგდებით და იქ შევხვდებით ერთმანეთს.
_ რა განწყობა გაქვს ოპერაციის წინ?
_ არ ვიცი, აფორიაქებული ვარ. თან მიხარია, თან ძალიან მეშინია.
_ გლენი?
_ ბუნებრივია, რომ ისიც ძალიან ნერვიულობს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ჯესიკას უხარია მე რომ მჩუქნის სიცოცხლეს და ეს ეხმარება დაძლიოს შიში.
_ გლენს შვილი ჰყავს? ნათესავები, ახლობლები როგორ შეხვდნენ მის გადაწყვეტილებას?
_ ერთი შვილი ჰყავს _ step son, ანუ მეუღლის შვილი. მეუღლე, ახლობლები გლენის გადაწყვეტილებას მიესალმებიან და ამხნევებენ.
_ საქართველოდან თუ ჰქონდა გამოხმაურება,როცა თქვენს შესახებ შეიტყვეს? გლენისთვის საქველმოქმედო საიტიც გქონდა გახსნილი, რომელიც გარკვეული თანხის შეგროვების შემდეგ დაიხურა. თუმცა ეს თანხა არ იყო დიდი, თან რამდენადაც ვიცით, ჩარიცხვის მსურველი კიდევ ბევრი იყო.
_ საქართველოში ჩვენს შესახებ “ფოსტალიონის” სტატიის შემდეგ შეიტყეს. გლენისთვის შესაგროვებელი თანხა საავადმყოფოსთან შეთანხმებით განისაზღვრა. ოპერაციის მერე ის 2 თვე ვერ შეძლებს მუშაობას, ამიტომ მხოლოდ ის თანხა უნდა შეგვეგროვებინა, რაც ოჯახს 2 თვის მანძილზე დასჭირდება. ასეთ დროს არ შეიძლება ფულის ჩუქება, რადგან გამოდის, რომ ვიყიდე თირკმელი. ეს კი კანონით იკრძალება. გლენი სრულიად უანგაროდ მაძლევს თირკმელს, მაგრამ ის ოჯახში ერთადერთი მარჩენალია და მე მხოლოდ ამ გზით შემიძლია მას დავეხმარო.
_ გლენის ფეისბუქგვერდზე ვნახეთ, მართლმადიდებლური ჯვრის სურათი უდევს, წერს ქართველმა მაჩუქაო და ქართულად უხდის მადლობას _ მადლობა გოჩაო.
_ დიახ, მამაჩემმა თავისი გაკეთებული ბზის ჯვარი აჩუქა. ახლა უნდა დაგემშვიდობოთ, დიალიზს მოვრჩი და ტელეფონი უნდა გადავდო. მადლობა მინდა გადასცეთ საქართველოში, ვინც ჩვენი ამბით დაინტერესდა. მინდა კიდევ ერთი რამ ვთხოვო ყველას, ილოცონ ხვალ ჩემთვის და გლენისთვის.

წყარო
postalioni.ge

Comments
Loading...