აშშს პასუხი ტერორისტებს, ხუთი მილიონი მას ვინც ინფორმაციას სამართალდამცველებს მიაწოდებს
“ისლამური სახელმწიფო” ნიუ-იორკზე თავდასხმებით იმუქრება. ისლამისტებმა ახალი ვიდეორგოლი გაავრცელეს, რომლის თანახმად, მათი სამიზნე თაიმს სქვერი და ჰერალდ სქვერი გახდება.
ისლამისტების მუქარებს აშშ-ში პირველი შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროში განაცხადეს, რომ უწყება ნიუ-იორკის პოლიციასთან და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინირებულად მოქმედებს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საფრთხეების შესახებ ყველა ინფორმაციას ამოწმებს.
თავის მხრივ, ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ ტერორისტების მიზანი “დემოკრატიული საზოგადოების დაშინებაა”, რასაც აშშ არ დაუშვებს. მისი თქმით, ნიუ- იორკს “კონკრეტული” საფრთხეები არ ემუქრება.
ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა უილიამ ბრეტონმა კი განაცხადა, რომ ისლამისტების მუქარებში “ახალი არაფერია”.
აშშ–მა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის – აბუ მუჰამედ ალ შიმალის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის 5 მლნ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.
აშშ–ის სახლემწიფო დეპარტამენტის ცნობით, აბუ მუჰამედ ალ შიმალი „ისლამური სახელმწიფოს“ სასაზღვრო ემირია, რომელიც ავსტრალიიდან, ევროპიდან და შუა აღმოსავლეთიდან წამოსული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების თურქეთის გავლით სირიის არაბთა რესპუბლიკაში გადაადგილებას უწყობს ხელს.