აზიის განვითარების ბანკის ვიცე- პრეზიდენტი: საქართველო ევროპისთვის საინტერესო საინვესტიციო ადგილია
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს”, რომელიც 15-16 ოქტომბერს იმართება, 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი უენჩაი იანგი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფორუმის მისასალმებელ პანელში. უენჩაი იანგიმ თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა აბრეშუმის გზის პროექტზე და მის მნიშვნელოვან როლზე ქვეყნებს შორის პარტნიორობის თვალსაზრისით. აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს როლი აბრეშუმის გზის პროექტში აქტიური მონაწილეობის კუთხით, ამასთან, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროში მიღწეულ წარმატებებს.
უენჩაი იანგი: „აზიის განვითარების ბანკი დიდი სიამოვნებით მოგესალმებით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა ორგანიზებული. მივესალმები ყველა მონაწილეს და დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს მასპინძლობისთვის.
მსურს, ვისაუბრო საქართველოს მნიშვნელოვან როლზე აბრეშუმის გზაზე, ვისაუბრებ დახმარებასა და პარტნიორობაზე ჩვენს ბანკსა და საქართველოს შორის. საქართველოს როლი: ბოლო წლებში საქართველოში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ აბრეშუმის გზა გაცოცხლდეს; 2. ის უნდა გახდეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი; 3. უნდა გაძლიერდეს ურთიერთობები პარტნიორებს შორის ამ გზაზე.
ჩვენ ვიცით, რომ ამ გზამ შეიძლება შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რათა მოხდეს ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარება, კონტინენტები უფრო დაუკავშირდნენ და დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ, რომ ის გეგმები, რომლებიც ყველა ქვეყანას ცალ-ცალკე და ერთობლივად აქვთ დასახული ამ გზასთან დაკავშირებით, განხორციელდეს და ამისთვის საშუალო და გრძელვადიანი გეგმები გვჭირდება.
ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ძალიან სწრაფად ვითარდება და აქვს ძალიან კარგი ურთიერთოებები ევროპასთან ისევე, როგორც აზიურ ქვეყნებთან. ვიცით, რომ საქართველო ძალიან სწრაფად ვითარდებოდა ამ წლების განმავლობაში და რომ ბიზნესის კეთების ინდექსიც გაიზარდა. ვიცით, რომ საქართველო ევროპისთვის ძალიან საინტერესო საინვესტიციო ადგილი ხდება, ის არის ხელმისაწვდომი ბაზარი და კარიბჭე კავკასიისთვის და, შესაბამისად, აბრეშუმის გზაზე მისი ადგილმდებარეობა ნამდვილად ეხმარება, რომ ის ეკონომიკური რეგიონული ჰაბი გახდეს.
რაც შეეხება რეგიონულ თანამშრომლობას და ხელშეწყობას – ჩვენ, აზიის განვითარების ბანკი ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ – უკვე ვახორციელებთ პროგრამას, რომელიც 2001 წელს დაიწყო. ამ პროგრამაში 10 პარტნიორია, 2015 წლიდან კი საქართველო შეუერთდა მას დამკვირვებლის სტატუსით. ეს პროგრამები გულისხმობს ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განხორციელებას. აქ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ამ პროგრამაში უკვე მილიარდ დოლარზე მეტია უკვე ჩადებული. თავისთავად ხდება მისი გაფართოება და საქართველოც მოიცავს მას მისი სტრატეგიით, რომელიც 2020 წლამდე არის გათვლილი. საქართველო უნდა გახდეს ასეთი ინვესტიციებისა თუ დახმარების მიმღები ქვეყანა.
ჩვენ ვმუშაობთ ენერგეტიკის სფეროშიც, სადაც ინვესტიციები დაახლოებით 46 მილიარდი დოლარია. შესაბამისად, ასეთი პროგრამების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მონდომებით, მისი ხელშეწყობით და ამაში უნდა იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, კერძო სექტორიც. სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება.
უნდა გავითვალისწინოთ ყველა საინვესტიციო საჭიროებები, სულ ცოტა ხნის წინ მონღოლეთში, ულან-ბატორში ჩატარდა ძალიან დიდი ღონისძიება, სადაც განიხილებოდა ეს საინვესტიციო საჭიროებები. ჩვენ ძალზე მოხარულები ვართ, რომ ამ ფორუმს ესწრებოდა ძალიან ბევრი კომპანია და ყველას აინტერესებდა ინვესტიციების მიღების შესაძლებლობა.
რაც შეეხება ADB-ის და საქართველოს ურთიერთობას – საქართველო ახლა ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ღირებულებათა გლობალური ჯაჭვის ნაწილი გახდეს. ის ძალიან ბევრ რეფორმას ატარებს, ამარტივებს ბიზნესის კეთებას, ამარტივებს საბაჟო პროცედურებსა და საგადასახაგო რეჟიმებს. საქართველოს გეოგრაფიული განლაგება ამარტივებს სატრანსპორტო კავშირების გაბმას, ეს შესაძლებელია ძალიან ბევრ ქვეყანასთან, შესაბამისად, გამოსაყენებელია ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობები, ამისთვის 1. 7 მილიარდი დოლარია გამოყოფილი.
ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს პოტენციალი გაუმჯობესდეს. აზიის განვითარების ბანკი ყველაფერს აკეთებს, რათა დაწყებული რეფორმები და სხვადასხვა საქმიანობა, რომლებიც ბევრ სხვადასხვა სფეროს მოიცავს, ნამდვილად წარმატებული იყოს. გვინდა, რომ ეს დახმარება იყოს ეფექტური, ADB-ი ასევე მონაწილეობს საჯარო სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესებაშიც.
გასულ კვირას აზიის განვითარების ბანკმა და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის დამატებით ფინანსური დახმარების გაწევას. ADB-ი აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებასაც – 10 მილიონი ლარის ფინანსური ობლიგაციების უზრუნველყოფა მოხდა აგრეთვე ჩვენს მიერ გამოყოფილი თანხებით. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს. იმედია, ჩვენ გვექნება საშუალება, ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, ჩვენ შევძლებთ იმის მიღწევას, რომ ჩვენი რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები ნამდვილად შესრულდეს და ეფექტური იყოს.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანას და საერთოდ, აბრეშუმის გზას ძალიან დიდი მომავალი აქვს და ჩვენი ურთიერთობა შემდგომ წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება”.