ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს, ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართავს.
ობამა საკუთარ მიმართვაში თეთრ სახლში ყოფნისას მიღწეულ წარმატებებს მიმოიხილავს და საკუთარ ხედვას წარადგენს, თუ რა ეტაპზეა და როგორ განვითარდება ქვეყანა არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლისას.
როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია წერს, მომხრეებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში პრეზიდენტმა ბრძანა, რომ მშობლიურ ჩიკაგოში დაგეგმილ ბოლო მიმართვაში ის ამერიკელებისადმი მადლიერებას გამოხატავს.
55 წლის პრეზიდენტი აღნიშნული მიმართვით აშშ-ის პრეზიდენტთა ხანგრძლივ ტრადიციას განაგრძობს, როცა ისინი, თანამდებობის დატოვებისას, ერს მიმართავდნენ. პირველი ასეთი შემთხვევა 1776 წელს მოხდა, როცა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა თანამოქალაქეებს მიმართა.
პრეზიდენტი ჰავაიდან 2 იანვარს დაბრუნდა, სადაც მან საშობაო შვებულება გაატარა. ობამა სწორედ ჰავაიზე დაიბადა და მან იქ ახალგაზრდობის დიდი ნაწილიც დაჰყო.
თანამდებობაზე ყოფნის ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ის სავარაუდოდ, პატიმრობაში მყოფ იმ ნარკოდამნაშავეებს შეიწყალებს, რომლებიც მისი აზრით, ზედმეტად მკაცრ სასჯელს იხდიან. მან ასევე შესაძლოა, რამდენიმე საპრეზიდენტო განკარგულებაც გამოსცეს, რათა შექმნას მექანიზმი, რომელიც მისი მხარდაჭერილი პოლიტიკის ბოლომდე გატარებას უზრუნველყოფს, მაშინაც კი, თუ დონალდ ტრამპი აღნიშნული პოლიტიკის მოწინააღმდეგეა.
4 იანვარს, ბარაკ ობამა კონგრესში, დემოკრატიული პარტიის წევრებს შეხვდება, რათა შეიმუშავონ სტრატეგია, რომელიც ობამას ჯანდაცვის კანონის გაუქმების პრევენციას მოახდენს.
ბოლო საუკუნის განმავლობაში, ბარაკ ობამა პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იქნება, რომელიც პოსტის დატოვების შემდეგ ვაშინგტონში დარჩება.
ობამები 20 იანვრის შემდეგ, ვაშინგტონის ერთ-ერთ თვალწარმტაც უბანში გადასახლდებიან, სადაც ბარაკ და მიშელ ობამები 2019 წლამდე დარჩებიან. სწორედ ამ დროს დაამთავრებს მათი უმცროსი ქალიშვილი საშა ობამა საშუალო სკოლას.