„ბარგი 6 საათისა და 40 წუთის დაგვიანებით მიუტანეს“ – ადვოკატი დეკანოზის დაკავებისა და ჩხრეკის დეტალებზე ალაპარაკდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატი, რომელსაც გაუთქმელობის ხელწერილი საქმის შინაარსზე საუბარისგან არ ზღუდავს, მამა გიორგის დაკავების დეტალებზე ალაპარაკდა.

გადაცემა „არჩევანში“ მან განაცხადა, რომ მამა გიორგის ბარგი 6 საათისა და 40 წუთის დაგვიანებით მიუტანეს.

„როდესაც მიიყვანეს მამა გიორგი მოდულის შენობაში, 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მოიტანეს ბარგი და მამა გიორგი აღწერს, თუ როგორ მოხდა ამ ბარგის შემოწმება და ჩხრეკა.

როგორც მამა გიორგი ბრძანებს, ეს ჩემოდანი 2 განყოფილებისგან შედგებოდა. როდესაც ჩხრეკა ტარდება, მაშინ უნდა მოხდეს აბსოლუტურად ყველა ნივთის შემოწმება, მაგრამ პირდაპირ მოახერხეს მხოლოდ ერთი განყოფილების გახსნა, საიდანაც ამოიღეს რაღაც დეზოდორის მაგვარი ნივთი, ხოლო მისი აღწერით, მეორე განყოფილებაში იდო ძალიან ბევრი პარფიუმერული ნივთი, კბილის ჯაგრისი და ამგვარი საგნები. იმას არც შეხებიან, პირდაპირ ამოიღეს იქიდან, თითქოს საიდან უნდა სცოდნოდათ… როცა ლაპარაკია, რომ ჩხრეკის შემდეგ იქნა ამოღებული ციანიდი. მაგ ქილაში ყოფილა დამალული ეს ციანიდის ფხვნილი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის ჩამოსვლამდე დუმილის უფლებას იყენებდა. მან აღნიშნა, რომ დეკანოზის ადვოკატებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა მოახერხეს და საქმის გარკვეულ საკითხებზე ისაუბრეს.

„თვითონ პირადად ძალიან დაინტერესებულია, რომ ეს ყველაფერი იქნეს გარკვეული ბოლომდე სამართლიანად. საუბრის პერიოდში ძალიან ბევრჯერ მოიკითხა მამა გიორგის მდგომარეობა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, პატრიარქს მამა გიორგის პოზიცია გააცნეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძეს ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის სახელი წერია და მოტივაციად ანგარება არის დასახელებული.

დეკანოზის ადვოკატმა აღნიშნა, რომ ოფიციალურ ბრალდებას მამა გიორგი მამალაძე უარყოფს.

„დაკავების შემდეგ, როდესაც გადაჰყავდათ მოდულის შენობაში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები მას ეუბნებოდნენ, შენ იცი რისთვის ხარ დაჭერილი… რამდენჯერმე გაუმეორეს, რომ ჩვენ ვიცით, რომ შენ აპირებდი პატრიარქის მოწამვლას“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

Comments
Loading...