ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბათუმი პლაზასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მოქალაქეებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან დამაკავშირებელი მთავარი ქუჩა გადაკეტეს და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ორი პირი დააკავეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, იქ მყოფ მოსახლეობასა და პატრულის თანამშრომლებს შორის. აჭარის ტელევიზიის ცნობით, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის, კახა ბუხრაძის დანიშვნის შემდეგ დაიწყო ქალაქში მძღოლების მიზანმიმართული დაჯარიმება, ამიტომ მის გადადგომას მოითხოვენ.

შსს-ში On.ge-ის განუცხადეს, რომ მოძრაობის შეფერხებისთვის დააჯარიმეს ერთი პირი, რომელმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შსს-ს მტკიცებით, აღნიშნულ მას გამოესარჩლა მეორე პირიც და პოლიციას ხელი შეუშალა სამუშაოს შესრულებაში.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მოქალაქეს პატრული 50 ლარით აჯარიმებდა, მისი შეპასუხების შემდეგ კი, პოლიციელმა იგი წიხლებით სცემა.

შსს-ს ცნობით, ამჟამად, ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

on.ge