აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ თბილისში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უფროს გიორგი თვაურთან,სამშენებლო მექანიკის,სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის უფროს ბადრი ლეფსაიასთან,სამშნებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს უფროს ზაზა ყიფიანთან,სხვა ექსპერტებთან და სტადიონის პროექტის ავტორი კომპანიის „ბაჰადირ ქულ არქითექთს“ წარმომადგენელთან ერჰან ილიჯალთან შეხვედრა გამართა.სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტს შეეხო. მინისტრმა პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებთან პროექტის დეტალებზე ისაუბრა.
ამ ეტაპზე პროექტი ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაგზავნილი და ბიუროს წარმომადგენლების განცხადებით ექსპერტიზის დასკვნა უახლოეს პერიოდში მზად იქნება. დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ კი სტადიონის მშენებლობის ტენდერთან დაკავშირებით პროცედურები დაიწყება.
ბათუმის წმინდა საფეხბურთო საერთაშორისო სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენდება. სპორტული მოედნის მშენებლობა ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე 8 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება. 2017 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში შპს „სტადიონისთვის“ 38 მლნ ლარია გათვალისწინებული.
„ბათუმის საერთაშირისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხოციელების პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ამ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთი ნაყოფიერი შეხვედრა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებთან და სტადიონის პროექტის ავტორთან გაიმართა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დეტალურად განვიხილეთ მთლიანად პროექტი. როგორც იცით, პროექტი ამ ეტაპზე სწორედ ექსპერტიზას გადის და უახლოეს პერიოდში გვექნება დასკვნა, რის შემდეგაც უკვე სამშენებლო ტენდერის გამოცხადების პროცედურები დაიწყება.
მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმს ექნება ძალიან კარგი უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების საერთაშორისო წმინდა საფეხბურთო სტადიონი და სპორტსმენების, სპორტის გულშემატკივრების და ზოგადად ჩვენი თანაქალაქელების სურვილი აუცილებლად განხორციელდება“- განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.
“პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ექსპერტიზის ეტაპია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცედურაც ასევე ეფექტურად განხორციელდება. 1 წელი ვიმუშავეთ პროექტზე. ის მოიცავს არა მხოლოდ თავად სტადიონის არქიტექტურულ მხარეს,არამედ მის სტრუქტურულ და ელექტრო-მექანიკურ ღირებულებას. ასევე განსაზღვრულია სტადიონის ირგვლივ პეიზაჟის დიზაინი. სტადიონი უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით არის შექმნილი და ის ყველა ზემოთაღნიშნულ რეგულაციას აკმაყოფილებს”- განაცხადა სტადიონის პროექტის ავტორი კომპანიის წარმომადგენელმა ერჰან ილიჯალმა.
geopressnews.ge