„ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაზარალებულებს შენობაში შეუშვებენ
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის წარმომადგენლის გოჩა კაპანაძის განცხადებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დღეს საშუალება მიეცემათ, შენობაში შევიდნენ.
როგორც მან შემთხვევის ადგილზე დაზარალებულებთან საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ, რაც გამაგრებითი სამუშაოები დასრულდება, სეიფების მეპატრონეებს შენობაში შეუშვებენ.
„რომ გამოგიძახებ, მიხვალ შენს მაგიდასთან, ამოიღებ სეიფის გასაღებს. შიგნით ჯერ არ შევსულვარ და ვისი მაგიდა დგას და ვისი არა, არვიცი. ნუ ნერვიულობთ. გადამაგრების შემდეგ, უკვე შესვლას შეძლებთ“, – მიმართა სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დაზარალებულებს.
„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ, გამთენიისას გაჩნდა. დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს არ გამორიცხავენ.
ტერიტორიაზე კვლავ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
მთელი ღამის განმავლობაში გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც მიმდებარე ტერიტორიას იცავდა. ადგილზე მობილიზებული იყო ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.