„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი: ამხელა შენობის დაწვა, ასე შემთხვევით არ უნდა მომხდარიყო
მისი თქმით, ხანძარი შენობის უკანა ნაწილში გაჩნდა და წინა მხარეს 40 წუთში კვამლი და ცეცხლი არ უნდა წარმოქმნილიყო.
„დივერსიის ვერსია გამიჩნდა. ამხელა შენობის დაწვა ასე შემთხვევით არ უნდა მომხდარიყო. ვადასტურებ, რომ სადღაც ნახევარი საათის შემდეგ ხანძარი დაიწყო უკანა მხრიდან. იქიდან აქამდე დიდი მანძილია, შესაბამისად, ნახევარ საათში და 40 წუთში ბოლი არ უნდა გამოსულიყო და ცეცხლი არ უნდა წარმოქმნილიყო“, – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, 15 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია ასე ადვილად არ უნდა დამწვარიყო.
„დივერსიის ვერსიის გაჩენის რაიმე წინაპირობა არ მაქვს. მე ვამბობ, რომ ეჭვი მაქვს, იმიტომ, რომ 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი ასე იოლად და მარტივად არ დაიწვებოდა“, – აღნიშნა „ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძარი ორი დღის წინ, გამთენიისას გაჩნდა. დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს არ გამორიცხავენ.