„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი: სირცხვილია, ყველაფერი ბატონ ბიძინა ივანიშვილს ბრალდებოდეს

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, მათი მხრიდან უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო დაცული.

როგორც მან შემთხვევის ადგილზე განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურმა მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ როგორც კი ხანძარი გაჩნდა, დროული რეაგირება მოხდა.

„ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, გამოძიება მიმდინარეობს. ცეცხლის სრული ჩაქრობა რომ მოხდება, ამის მერე გაირკვევა მიზეზი და ის, თუ ცეცხლი საიდან წარმოიშვა. ჩვენი მხრიდან უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცული იყო. როგორც ჩვენი უსაფრთხოების სამსახური გვეუბნება, ხანძარი რომ გაჩნდა, მაშინვე სახანძრო გამოიძახეს. დროულად მოვიდნენ. მაგრამ საქონელი ადვილად დაწვადია და ადვილად აალდა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, სირცხვილია, რომ ყველაფერი ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დაბრალდეს.

„ჩვენი მხრიდან რაც გასაკეთებელია, მაქსიმალურად გავაკეთებთ. ის, რომ სრული პასუხისმგებლობა და მთელი ამ ქონების ანაზღაურება ჩვენს თავზე ავიღოთ, ამას ფიზიკურად ვერ შევძლებთ. ამის შესახებ ხალხთან საუბარი გვქონდა და მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ. სამწუხაროდ, ხალხს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. სირცხვილია, ადამიანები ვართ, ქართველები ვართ. სირცხვილია, ყველაფერი ბატონ ბიძინა ივანიშვილს ბრალდებოდეს“, – განაცხადა „სავაჭრო ცენრტრის“ დირექტორმა.

„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ, გამთენიისას გაჩნდა. დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს არ გამორიცხავენ.

მოვაჭრეთა ნაწილი აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე „კარფურის“ მსგავს სავაჭრო ობიექტის აშენებას გეგმავდა.

Comments
Loading...