„ფაქტია, რომ დაჯარიმებამ გამოიწვია უკმაყოფილება, რომელიც აქციაში გადაიზარდა და ამან იმ წუთშივე მიიღო ვანდალური ხასიათი. ამ დროს იწყება პოლიტიკური კულტურის ამბები. ვიღაცამ იფიქრა, რომ ქულების დასაწერად კარგი მომენტია“, – ამის შესახებ „აიპრესს“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ჯარიმა სასიამოვნო არავისთვის არის, მაგრამ მოქალაქეობრივი კულტურა ესაა, რომ მას უნდა დაემორჩილო.
„უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რაც ხდებოდა ბათუმში ეს სრულიად მიუღებელია. ასეთი რამე ბევრჯერ არ მინახავს. ჩვენ ყოველთვის ვტრაბახობდით, რომ მაღალკულტურულად ვატარებთ ხოლმე აქციებს. მაგრამ, ეს იმაზეა დამოკიდებული ვინ ატარებს აქციებს. ამ შემთხვევაში ეს სტიქიურ უბედურებას უფრო ჰგავდა. აქცია ნამდვილად არ იყო. აქცია, რომელიც პოლიციასთან დაუმორჩილებლობის გამო სპონტანურად დაიწყო, როგორც ჩანს დიდხანს და საფუძვლიანად იყო ჰაერში. ამიტომ, არა მგონია რომელიმე პოლიტიკური ძალა იდგეს ამის უკან.
ვფიქრობ, რომ საჭიროა წესრიგის დამყარება ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით ეს ეხება ტრანსპორტის სფეროს. მე თვითონ ბათუმელი ვარ. რაც მე მახსოვს, სატრანსპორტო წესრიგი, იქნება ეს პარკინგთან დაკავშორებული თუ სხვა ბათუმში არ ყოფილა. მანქანების რიცხვი გაიზარდა, წესრიგი მაინც არ დამყარდა და როგორც ჩანს, ვიღაცამ განიზრახა დაამყაროს წესრიგი. ამან ორი პროცესი გამოიწვია: მოქალაქეები იყვნენ კმაყოფილი, მაგრამ მძღოლები დარჩნენ უკმაყოფილო.
ჯარიმა არავისთვის არ არის სასიამოვნო, მაგრამ ის კანონიერია. მოქალაქეობრივი კულტურა ეს არის, რომ მას უნდა დაემორჩილო. როგორც ჩანს, ამან გამოიწვია მღელვარება. მე არ ვიცი ვინ რა გამოიწვია, ანუ რამდენად სწორად მოქმედებდა ჯარიმის გამოწერის დროს პატრული, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მაგრამ ფაქტია, რომ დაჯარიმებამ გამოიწვია უკმაყოფილება, რომელიც აქციაში გადაიზარდა და ამან იმ წუთშივე მიიღო ვანდალური ხასიათი. ამ დროს იწყება პოლიტიკური კულტურის ამბები. ვიღაცამ იფიქრა, რომ ქულების დასაწერად კარგი მომენტია“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას.
ipress.ge