ბერძენიშვილი: ვნახოთ, თუ როგორი კაპიტანი იქნება კახა კალაძე

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელად ვიცე-პრემიერ კახა კალაძის დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ის შეარჩიეს, როგორც აქტიური ადამიანი.

როგორც კალაძის შესახებ „ნაცმოძრაობის“ პრეტენზიებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა განუცხადა, თუ ადამიანი არ დაიჭირე, ის ქურდი არ არის.

“თუ სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობს ვინმეს დანაშაულის შესახებ, იგი დამნაშავე არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ კალაძეს იმაშიც ადანაშაულებდა, რომ მან თავის კარში ორი გოლი გაიტანა, მაგრამ არ მგონია, “ფიფაში“ მათ პრეტენზიებს სერიოზულად აღიქვამდნენ.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა მოახერხა და კალაძის მაგალითი გაიმეორა, მაგრამ ამის შემდეგ სასწაულიც მოხდა. რაც შეეხება კალაძის დანიშვნას, „ნაციონალური მოძრაობისაგან“ განსხვავებით, მის პარტიაში მასზე სხვა წარმოდგენა აქვთ. იგი დაინიშნა როგორც აქტიური და მათი აზრით, კარგი შტაბის ხელმძღვანელი იქნება. ამას ვერავინ ვერ გააპროტესტებს. ვნახოთ, თუ როგორი კაპიტანი იქნება.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კორცხელის მსგავსი ინციდენტები უნდა აღიკვეთოს ერთხელ და სამუდამოდ. ეს თუნდაც იმ ნაბიჯებით აღიკვეთება, რომელიც ახლა იდგმება“, – დასძინა ბერძენიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძე შტაბის ხელმძღვანელად გუშინ წარადგინა.

Comments
Loading...