ბესელია: ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ბათუმში მოხდა, აშკარად გამოხატული დანაშაული იყო, ძალადობის ძალიან მძიმე ფორმებით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებში მერაბ ღოღობერიძის როლი გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, რადგან იმას, რაც მოხდა, ორგანიზებას ერთი ადამიანი ვერ გაუწევდა.

ბესელიას თქმით, სრულიად აბსურდულია იმაზე საუბარი, თითქოს ბათუმის მოვლენები საპატრულო პოლიციასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივი დეპარტამენტის დაპირისპირებით არის გამოწვეული.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ბათუმში მოხდა, იყო აშკარად გამოხატული დანაშაული, ძალადობის ძალიან მძიმე ფორმებით. გამოძიება დაწყებულია და ამ ფაქტებს სრულყოფილი, ობიექტური და მრავალმხრივი გამოძიება სჭირდება იმისთვის, რომ არა მხოლოდ იდენტიფიცირება მოხდეს იმ პირების, ვინც იმ დღეს ძალადობდნენ, არამედ იმ პირების, ვინც ამ ყველაფერს ორგანიზებას უკეთებდნენ. ჩვენ კომპლექსური გამოძიების შედეგებს ველოდები.

ადმინისტრაციული პროცედურები მხოლოდ პირველი ეტაპია. მათზე, ვინც სისხლის სამართლის წესით უნდა აგონ პასუხი, გამოძიებამ მტკიცებულებები უნდა შეაგროვოს და ძალიან პრინციპული რეაგირება მოხდეს “, – აღნიშნა ბესელიამ.

ბათუმში 11 მარტს, პატრულმა მოძრაობის შეფერხებისა და არასწორი პარკირებისთვის მოქალაქე დააჯარიმა, რასაც თვითმხილველებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აღნიშნული ინცინდენტის შემდეგ, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქცია გაიმართა, რომელიც გვიან ღამით, არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა დაწვეს ავტომობილები, დააზიანეს ინფრასტრუქტურა.

არეულობის შედეგად, 33 ადამიანი, მათ შორის, 15 პოლიციელი დაშავდა.

Comments
Loading...