„ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ საქართველოსთანა ქვეყანა არსად მეგულება“ – ჯორჯ ბალანჩინი
ქართველი ქორეოგრაფი, ამერიკული ბალეტისა და თანამედროვე საბალეტო ხელოვნების ფუძემდებელი ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე) 1904 წლის 9 იანვარს, პეტერბურგში, ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში დაიბადა. მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში ჰაერიც კი მუსიკით იყო გაჟღენთილი, ამიტომ კომპოზიტორის სამივე შვილმა მუსიკა პატარაობიდანვე შეიყვარა. ანდრია, მამის მსგავსად, მომღერალი და კომპოზიტორი გახდა.
60-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის ჩამოფარებულმა „რკინის ფარდამ“ რღვევა დაიწყო, ჯორჯ ბალანჩინი ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში და კონცერტები ჩაატარა. წლების შემდეგ მას მიეცა საშუალება, საკუთარი ოჯახის წევრები ენახა. ბალეტმაისტერი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული, თუმცა შვილი არასოდეს ჰყოლია.
ჯორჯ ბალანჩინი 1983 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ნიუ-იორკში, ოკლენდის სასაფლაოზე. ანდერძის თანახმად, მისი ქონება საბალეტო დასის ბალერინებს გაუნაწილდა.
„ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ბევრგან მიცხოვრია და მიმუშავია, მაგრამ საქართველოსთანა არსად მეგულება, რადგან აქ ხალხი თვითნაბადი ტალანტია, ყოველგვარი სასწავლებლების გარეშე. აქ ბუნება ხომ ისეთია, რომ თავისით შეგაქმნევინებს რაღაც მნიშვნელოვანს“. ჯორჯ ბალანჩინი.
საქართველოში სტუმრობა. ფოტოზე ჯორჯ ბალანჩინი და ილიკო სუხიშვილი. „ბალანჩინი ამერიკაში დაესწრო ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ანსამბლის კონცერტს და ძალიან დიდი ემოციური რეაქცია ჰქონდა. ის შეხვდა ქალბატონ ნინოს და ბატონ ილიკოს და დიდი აღფრთოვანება გამოხატა. საქართველოში რომ ჩამოვიდა, განცვიფრებული დარჩა გურული ხალხური სიმღერების პოლიფონიით. საქართველოში მოგზაურობის შემდეგ თავი ქართველად იგრძნო და მერეც, ყოველთვის წერდა, წარმოშობით ქართველი ვარო“. მუსიკათმცოდნე მანანა ახმეტელი
ჯორჯ ბალანჩინი ბალერინასთან ერთად
ჯორჯ ბალანჩინი დედასთან, მარია ვასილიევასთან ერთად
„ბებია ძალიან ნერვიულობდა, როდესაც ბალანჩინმა ამერიკაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. მე და ჩემი ძმები პატარები ვიყავით, მაგრამ ვგრძნობდით, ბებია რომ ძალიან სევდიანი გახდა. ბალანჩინმა ბებიას ასეთი წერილი მოსწერა: მსურს, დედა, დაგვლოცო მე და ჩემი საცოლე, გკოცნი ჩემს საყვარელ დედიკოს და ძმისშვილებსო… ბებია – მარია ნიკალაევნა განსაკუთრებული ქალბატონი იყო. ბევრი გადაიტანა… საქართველოში ისე ჩამოვიდა საცხოვრებლად, რომ ქართული არ იცოდა. მამა გერმანელი ჰყავდა, მაგრამ დედ-მამა გაცილებული იყვნენ და დედის გვარი ჰქონდა აღებული. თბილისში იმ პერიოდში ბევრი გერმანელი ცხოვრობდა, ბებიასთან მეგობრობდნენ და სტუმრადაც მოდიოდნენ. თუმცა ბებია იმდენად ჩაიკეტა და სხვანაირი გახდა, რომ აღარაფერი ახარებდა. სიკვდილის წინ განუწყვეტლივ იმეორებდა – ამერიკა არ დაგვითმობს… მაშინ მიკვირდა და ვერ ვხვდებოდი, რას ამბობდა, მოგვიანებით მივხვდი, რომ ბალანჩინს გულისხმობდა…“ ცისკარი ბალანჩივაძე.
ძმები გიორგი და ანდრია ბალანჩივაძეები
„გიორგი თავის მიერ ჩამოყალიბებულ „ახალგაზრდულ საბალეტო ჯგუფთან“ ერთად, პეტროგრადის ახლომდებარე ქალაქებში მოგზაურობდა და ასე შოულობდა რაღაც კაპიკებს. ხან კინოთეატრებში აკომპანიმენტს უკრავდა თურმე. გასამრჯელოდ პურს, საპონს, ასანთს აძლევდნენ. ძლივძლივობით გაჰქონდათ თავი. დიდი შიმშილობა გადაიტანეს… ერთი სიტყვით, ბევრ გაჭირვებას გაუძლეს“… ანდრია ბალანჩივაძე.
რეპეტიციაზე
„ბალანჩინის დადგმებში არ იყო სოლისტი – ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. მის დადგმებში, კორდებალეტში ცეკვავდნენ ვარსკვლავები და კორდებალეტის თითოეული წევრი, შეიძლება ყოფილიყო სოლისტი. აი, ეს ძალიან დიდი გადატრიალება იყო. მისი საბალეტო დასი არაჩვეულებრივად სინქრონული იყო, სინქრონულს კლასიკური თვალსაზრისით ვლაპარაკობ. როგორც ერთი ორგანიზმი, როგორც საოცრად ჰარმონიული მოვლენა, უაღრესად დახვეწილი, უაღრესად ესთეტიკური, მშვენიერი“. მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელი.
ძმები – კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე და ბალეტმაისტერი ჯორჯ ბალანჩინი
„დიაგილევს ძალიან უყვარდა გვარების გადასხვაფერება, მით უფრო, როცა დარწმუნებული იყო, რომ ამ გვარის პატრონი სახელს გაითქვამდა… 1924 წლის 21 დეკემბერს კი მოხდა გიორგის გვარის ისტორიული ტრანსფორმაცია. ბალანჩივაძე ბალანჩინად იქცა. ათეული წლების მერე, როცა გიორგი თბილისში მესტუმრა, ვუთხარი, რომ აკაკი შანიძემ ჩემი თხოვნით გამოიკვლია ჩვენი გვარის წარმომავლობა და მივიდა დასკვნამდე, რომ შუა საუკუნეებში ბალანჩი მეფის კარის მასხარას ერქვა. ბალანჩის მოვალეობა მარტო მეფეთა გამხიარულება კი არ იყო, არამედ მუსიკის თხზვა და ლექსების კითხვაც. გიორგი აღაფრთოვანა ამან. ამბობდა, „ბალანჩის“ მრავლობითი ფორმა – „ბალანჩნი“ იტალიურად ჟღერსო“. ანდრია ბალანჩივაძე.
ჯორჯ ბალანჩინი და რუსი ბალეტმაისტერი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი იური გრიგოროვიჩი
წყარო:funtime.ge