საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიგა ბოკერიას განცხადებით, “ქართული ოცნება” და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გუნდი ოპოზიციაში ყოფნის დროსაც და ახლაც, უტიფარი სპეკულირებით გამოირჩევიან.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ახლა კიდევ ერთი ეპიზოდია უტიფრობის, როცა პატრიარქის სიცოცხლით ისპეკულირეს.
“კიდევ უფრო უტიფრად გვეუბნებიან, რომ რაც გვითხრეს, თურმე, ეს ასე არ იყო. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, როგორი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც არანაირი სტანდარტი არ გააჩნია და ყველაფერზე წამსვლელია”, – განაცხადა ბოკერიამ.
გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის, ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა.
მათი განმარტებით, დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი “ერთ-ერთი პირის” მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა პატრიარქის.
„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ“, – განუცხადეს მთავარ პროკურატურაში „რეზონანსს“, სადაც იმასაც აღნიშნავენ, რომ არა თუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი. კერძოდ, საუბარია “ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან”.
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს.
მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ერთ-ერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერებით – ციანიდით მოწამვლა იგეგმებოდა.