ბოლო მონაცემებით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ ანგარიში 18:00 საათზე გამოქვეყნდება
ევროკომისიის მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” საქართველოს მიერ შესრულების შესახებ ანგარიში სავარაუდოდ, დღეს, თბილისის დროით, 18:00 საათზე გამოქვეყნდება. საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაიმართება. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან თავად ანგარიში არ უნახავს , თუმცა ცნობილია, რომ ზოგადად შეფასება პოზიტიური იქნება.
ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მთავარი წინაპირობაა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება. სამოქმედო გეგმის შესრულებისა და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ევროკავშირის N539/2001 რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების გზით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას