ბრიტანულმა გამოცემამ ათი უძველესი ენის ჩამონათვალში ქართული შეიყვანა
ბრიტანული საინფორმაციო გამოცემა Culture Trip-ი სახელწოდებით – „10 უძველესი ენა, რომლებზეც დღესაც ლაპარაკობენ“ სტატიას აქვეყნებს, სადაც ქართული ენაც არის შესული.
გამოცემის თანახმად, ქართულის გარდა, სიაში ივრითი (ებრაული ენა), ტამილური, ლიტვური, სპარსული, ისლანდიური, მაკედონიური, ბასკური, ფინური და ირლანდიური მოხვდა.
სტატიის ავტორი ლანი სილინჯერი ქართულ ენასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „კავკასიის რეგიონი – ლინგვისტების საგანძურია“.
„დიდ კავკასიურ ოჯახში, ქართული ყველაზე ძველია და ერთადერთი ენაა, რომელსაც უძველესი ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია“, – აღნიშნულია სტატიაში.
გარდა ამისა, პუბლიკაციაში ხაზგასმულია ის ფაქტორი, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი ენა გაჩნდა უფრო ადრე.
„ენის ევოლუცია, ისევე, როგორც ბიოლოგიური, ყოველ წუთს ხდება. ამიტომ შეუძლებელია, რომელიმე ენას კონკრეტული ასაკი მივაწეროთ. ისინი ყველანი მოხუცები არიან, ისევე როგორც მთელი კაცობრიობა“, – წერს სტატიის ავტორი.
სტატიის თანახმად, დასახელებულ ენებს აქვს „რაღაც განსხვავებული და რაღაც უძველესი სხვა ერებთან შედარებით“.