ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მეორე დღის მიმოხილვა

გუშინ, 4 ნოემბერს გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მეორე დღის მატჩები.

4 ჯგუფში გუნდებმა ჯამში 27 გოლი გაიტანეს.

E ჯგუფში „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ „ბატეს“ უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და დამაჯერებელი ანგარიშითაც დაამარცხეს ბელარუსები. 30-ე წუთზე „ბატეს“ კარში პენალტი დაინიშნა. კატალონიელთა 11-მა ნომერმა, ნეიმარმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. მეორე გოლის გატანა „ბარსამ“ მეორე ტაიმში, მე-60 წუთზე, ნეიმარის გადაცემით და ლუის სუარესის გოლით მოახერხა. ნეიმარმა 83-ე წუთზე სუარესის გადაცემით დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პირველ ტაიმში ივან რაკიტიჩმა ტრავმა მიიღო და შეცვლა მოითხოვა. არაოფიციალური ინფორმაციით, ხორვატმა ნახევარმცველმა შესაძლოა 1 თვე დაისვენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მოახლოებულ „კლასიკოსაც“ გამოტოვებს.

ამავე ჯგუფში „რომამ“ ლევერკუზენის „ბეიერს“ უმასპინძლა. მატჩი წინა შეხვედრის მსგავსად დაძაბული გამოდგა. მოჰამედ სალამ მე-2 წუთზე რომაელები დააწინაურა. 29-ე წუთზე ედინ ჯეკომ რომაელთა უპირატესობა გაზარდა და პირველი ტაიმიც დამაჯერებლად მოიგო. მეორე ტაიმში გერმანელები გააქტიურდნენ. 46-ე წუთზე ადმირ მეჰმედმა ანგარიში შეამცირა, 51-ე წუთზე კი „ჩიჩარიტომ“ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მე-80 წუთზე მთავარმა არბიტრმა გერმანელებს ომერ ტოპრეკი გაუგდო და მათ კარში პენალტი დაინიშნა. მირალემ პჯანიჩმა პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში 3-2 დააფიქსირა.

E ჯგუფში პირველ ადგილს „ბარსა“ 10 ქულით იკავებს. მეორე ადგილზეა „რომა“ 5 ქულით. მესამე პოზიციაზეა „ბაიერი“, რომელსაც 4 ქულა აქვს, ხოლო ბოლო, მეოთხე ადგილზე 3 ქულით „ბატეა“.

F ჯგუფში მიუნხენის „ბაიერნმა“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა. გერმანელებმა წინა შეხვედრის შემდეგ ლონდონელებზე შური იძიეს და 5-1 დაამარცხეს. პირველი გოლი მე-10 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. 29-ე წუთზე ტომას მიულერმა გერმანელთა უპირატესობა 2-მდე გაზარდა. დავიდ ალაბამ 44-ე წუთზე „არსენალს“ იმედები გადაუწურა და „ბაიერნის“ სასარგებლოდ მესამე გოლი გაიტანა. 54-ე წუთზე შეცვლაზე სემოსულმა არიენ რობენმა 1 წუთში, 55-ე წუთზე ლონდონელთა კარში მეოთხე გოლი გაიტანა. 69-ე წუთზე ჟირუმ ანგარიშის შემცირება მოახერხა და ლონდონელთა სასარგებლოდ გერმანელთა კარში „ალიანს არენაზე“ ერთადერთი გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე ტომას მიულერმა დააფიქსირა. მან დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 5-1 დააფიქსირა.

ჯგუფში „ოლიმპიაკოსი“ და ზაგრების „დინამოც“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩს 65-ე წუთამდე სტუმრები, ხორვატები იგებდნენ. 21-ე წუთზე არმინ ჰოძიჩმა „ოლიმპიაკოსის“ კარში გაიტანა და „დინამო“ დააწინაურა. 54-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ, თუმცა კონსტანტინოს ფორტუნისმა პენალტი გააცუდა. საბოლოოდ ფელიპე პარდოს დუბლით 65-ე და 90-ე წუთებზე „ოლიმპიაკოსმა“ გამარჯვება და 3 ქულის მოპოვება შეძლო.

F ჯგუფში პირველ ადგილს 9 ქულით „ბაიერნი“ იკავებს. „ოლიმპიაკოსს“ მიუნხენელთა მსგავსად 9 ქულა აქვთ, თუმცა ბურთების თანაფარდობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებენ. მესამე-მეოთხე ადგილებს კი „დინამო“ და „არსენალი“ ინაწილებენ.

G ჯგუფში „სემფორდ ბრიდჯზე“ „ჩელსიმ“ კიევის „დინამოს“ უმასპინძლა. 34-ე წუთზე ალექსანდრ დრაგოვიჩმა გაიტანა, თუმცა საკუთარ კარში და ლონდონელები დააწინაურა. დრაგოვიჩმა შეცდომის გამოსწორება 78-ე წუთზე შეძლო და კიდევ ერთი გოლი, ამჯერად ასმირ ბეგოვიჩის კარში მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე ბრაზილიელმა ვილიანმა კიეველთა კარში გოლი გაიტანა და „ჩელსის“ სამი ქულა მოუპოვა.

„მაკაბიმ“ კი „პორტოს“ უმასპინძლა. მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. მე-19 წუთზე კრისტიან ტელომ ისრაელის გუნდს გოლი გაუტანა და ანგარიში გახსნა. პორტუგალიელებმა უპირატესობის გაზრდა 50-ე და 72-ე წუთებზე ანდრე ანდრესა და მიგელ ლეიუნის გოლებით მოახერხა. პრესტიჟის გოლის გატანა ერან ზაჰავიმ მოახერხა. „პორტოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რაც ფეხბურთელმა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში 3-1 „პოსტოს“ სასარგებლოს დააფიქსირა.

G ჯგუფში პირველ ადგილს „პორტო“ 10 ქულით იკავებს. მეორე ადგილზეა „ჩელსი“, რომელსაც 7 ქულა აქვს. კიევის „დინამო“ მესამე პოზიციაზე იმყოფება 5 ქულით, ხოლო „მაკაბი“ 0 ქულით ბოლო ადგილზეა.

H ჯგუფში ერთმანეთს „გენტი“ და „ვალენსია“ დაუპირისპირდნენ. მატჩში მინიმალური ანგარიშით მასპინძლებმა იმარჯვეს. 49-ე წუთზე „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რაც სვენ კუმსიმ ზუსტად შეასრულა და „გენტს“ 3 ქულა მოუპოვა.

ამავე ჯგუფში „ლიონმა“ „ზენიტს“ უმასპინძლა. არტიონ ძიუბამ 25-ე და 57-ე წუთებზე გოლები გაიტანა, დუბლი შეასრულა და სტუმრებს 3 ქულა მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე გადაცემა ბრაზილიელ ჰალკს ეკუთვნის.

H ჯგუფში პირველ ადგილს 12 ქულით „ზენიტი“ იკავებს. მეორე ადგილზეა „ვალენსია“, რომელსაც 6 ქულა აქვს. მესამე პოზიციაზე კი 4 ქულით „გენტია“, ხოლო „ლიონი“ 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

Comments
Loading...