ჩვენ არ ვართ დებილები – ირაკლი ჟვანია პრეზიდენტს

ერთი კაცის გამოსვლამ პარლამენტის ტრიბუნაზე ერთი ამბავი გამოიწვია, მან ქვეყნის პრეზიდენტს უსაყვედურა: ქართველ ერს დაუნი რატომ უწოდეო. მერე შეასწორა და დაუნი არა, დებილი უნდა მეთქვაო … ვინაიდან მეც ამ ერის ნაწილი ვარ, დამაინტერესა, ვინ და რატომ მეძახის დებილს თუ დაუნს თუ დაუნს თუ დებილს, რატომ იხდის ბოდიშს ვიღაცა, რომ დაუნი საწყენია და დებილი არა, მოკლედ, დამაინტერესა, რაშია საქმე…

გუშინ ინტერნეტში წავაწყდი იმ სტატიას, რომელიც გახდა ამ ყველაფრის მიზეზი. წავიკითხე. 2001 წელს გიორგი მარგველაშვილის მიერ დაწერილ ნაშრომს ჰქვია „ნიჩურტა! -მე ქართველი ვარ!” და იქ არის გაანალიზებული, რატომ ვართ მე, ჩემი ცოლი, შვილი, დედა, მამა, ბაბუა, ბებია, ბიძები, მეზობლები, კლასელები, კურსელები – მოკლედ, ჩვენ ყველანი, რატომ ვართ ქართველები გონებასუსტები, დებილიზმის სუსტი ფორმით დააავადებული. მართალი რომ ვთქვა, თავიდან ცოტა შემეშინდა. ვიფიქრე, ნაშრომი დაწერა ფილოსოფოსმა კაცმა, იქნებ და, ისეთი სიმპტომები იპოვა ჩვენში, რომელსაც აქამდე ვერ ვაცნობიერებდი და მართლა რომ დებილი აღმოვჩნდე, რაღა ვქნა მერე-თქო……

დავიწყე კითხვა. ფილოსოფოსების ნაშრომები წაკითხული მაქვს: სპინოზა, ჰაიდეგერი, ბერდიაევი, ფროიდი, ფრომი, მამარდაშვილი, აკადემიკოს ტარლეს წიგნები თუ „ფაუსტი” მეყარა ლოგინის თავთან 7 წლის ასაკიდან, იმდენად ყველანაირი აზრი და ფორმა მაინტერესებდა. „ნიჩურტა”. აღარ შევჩერდები ამ ნაშრომის, როგორც ასეთის, ღირებულების ცალკეულ დეტალებზე და მათთვის, ვისაც არ წაუკითხავს ის, რამდენიმე მთავარ ციტატას მოვიყვან:

(ციტატა) – პირველ ყოვლისა, მიზეზი (ჩვენი დებილიზმის -ავტ.) მძიმე ბავშვობა, არასწორი აღზრდაა. ამ შემთხვევაში, წილი პასუხისმგებლობისა, ერთმნიშვნელოვნად რუსეთის იმპერიის, ლოთი, მფლანგველი და ემოციურად დაუბალანსებელი აღმზრდელების სინდისზეა. რუსეთმა შეგვიქმნა გარემო, რომელიც ნებისმიერი ბავშვის ფსიქიკას გაამრუდებდა. არც მოგვხედა, გვიპატრონა და გვასწავლა სახელმწიფოდ და ერად ცხოვრება, და არც ჩვენ მოგვცა ჩვენი ღირებულებებისა და უნარების შენარჩუნების უფლება. ხან ზედმეტად გაგვიბრაზდებოდა და ხან ზედმეტად გვეფერებოდა. ხან ყველაფერს გვისრულებდა და ხან არაფერს. ერთი მხრივ, ნერგავდა პარვის, მექრთამეობის და მუქთახორობის გარემოს, ხოლო მეორე მხრივ, გვსჯიდა, თუ ელემენტარული ღირსების ან საზოგადოებრივი აზროვნების პრეცედენტს გამოვამჟღავნებდით (ციტატის დასასრული).

ანუ ჩვენი ლოთი მამა, იგივე რუსეთი ყოფილა ჩვენი დებილიზმის პირველწყარო. ახლა ვნახოთ, ჩვენს უბედურ ოჯახში რას აკეთებდა დედა?

(ციტატა): ლოთი მამის პირობებში, მნიშვნელოვნად ამრუდებდა ჩვენს აზროვნებას ჩვენი დედაც – ქართლის დედა – ერთ ხელში თასი და მეორეში ხმალი… ქართლის დედა აკეთებდა იმას, რაც პრინციპში, ლოთი მამის პირობებში, ქალისათვის ბუნებრივია – დაიწყო თავისი ბავშვის დაცვა და ზედმეტი მოფრთხილება. ქართლის დედამ გააკეთა ისე, რომ ბავშვი არამც და არამც არ შედგა კაცად. ისიც მამასავით ყველაფერს უსრულებდა, გაათავხედა და გაამაიმუნა. და თანაც, საწყლად მარტო დარჩენილს, ლოთი ქმრის ხელში სულ ეშინოდა შვილის დაკარგვა, და შეეცადა მისი ბავშვობა მაქსიმალურად გაეწელა, ისე, რომ არ მისცა ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობა. ერთის თქმა კი შეიძლება მის გასამართლებლად – მართლა არ უნდოდა… (ციტატის დასასრული). ანალიზის სიღრმის შეფასებაზე დროს ნუ დავკარგავთ და შემდეგ ვარკვევთ, რომ ავტორის აზრით, ამ მძიმე ოჯახში აუცილებლად უნდა გაჩენილიყო და გაზრდილიყო გონებასუსტი შვილი (ჩვენ), რასაც ის იქვე ადასტურებს:

(ციტატა): დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია – გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით – ანუ ფაქტიურად მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ ფორმამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისათვის შესაფერისი აზროვნება – აი საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა (ციტატის დასასრული).

………………………………………………………. ვკითხულობ და ველოდები, რით დამთავრდება ჩვენი დაავადების ფილოსოფიური ანალიზი, თანაც ტვინში სულ ის მიტრიალებს, რომ ეს ჩემი ქვეყნის ახლა უკვე პრეზიდენტის დაწერილია, როდესაც ის ჯერ კიდევ უბრალო ქართველი ფილოსოფოსი იყო. ასე კითხვით ჩავედი ბოლოში (გზად არც ღირს გაჩერება) და ნაშრომი დამთავრდა ასე:

(ციტატა): „ამ პირობებში, ბუნებრივია, ძალიან მძიმდება კლინიკა და ის შედეგი, რაც დღეს სახეზეა, არა მარტო მოსალოდნელი, არამედ გარდაუვალია. გარდაუვალია, ბავშვს, რომელსაც ასეთი მშობლები ჰყავს, ჰქონდეს პრობლემები ზრდასრულობის ასაკში, ისევე როგორც ჩვენ. მაგრამ, ასეთ ხალხს, ჩვეულებრივ გარემო ლმობიერად ექცევა, ისევე, როგორც ჩვენც – ნიჩურტა – გვაპატიეთ ვალები, ჩვენ ქართველები ვართ…”………………………………………

დავამთავრე კითხვა. ჯერ რაკი დედ-მამის ბრალი ყოფილა ჩემი სისუსტე, უცებ ჩემი მამა, ბაბუა, სიმამრი გამახსენდა… გამახსენდა ჩვენი ეზო ჩაის სახლთან, სადაც ცხოვრობდნენ თამაზ კანდელაკი, ქიცა ხერხეულიძე, ივანე მაჩაბელი, შიო ნაფეტვარიძე, გვანჯი მანია, აკაკი გაწერელია, დათიკო კვესელავა, ლევან ჯაფარიძე, ივერი წერეთელი, ბორის ყურაშვილი, დომენტი ქორიძე, ირაკლი ჭუმბურიძე, კოტე ჩოლოყაშვილი, ზურაბ ანდრიაძე … ლამაზები, ჭკვიანები და ნიჭიერები, დილას სამსახურში რომ მიდიოდნენ, კანის ფესტივალის წითელ ხალიჩასთან გეგონებოდა კაცს თავი…. მერე აქვე დედაჩემი და მისი განუმეორებელი სამეგობრო გამახსენდა – კირა ანდრონიკაშვილი, თათუ ოთხმეზური, ნინა ბარნოვი, ირინა ქომეთიანი, თინა ადამია, ლიკა ციხისელი, ნანა თოიძე, ლია ელიავა, ლიანა ასათიანი…. ლამაზები და ჭკვიანები……

გავბრაზდი.

იმიტომ, რომ ჩემი დედ-მამა, ბაბუა-ბებია, ცოლი, შვილი, ძმაკაცები, მეზობლები თუ კურსელები, კლასელები და თუ მეგობრები – არ არიან გონებასუსტები და დებილები, არც ცალ-ცალკე და არც ფილოსოფიურ განზომილებაში. არიან მაღლები, დაბლები, მსუქნები, განათლებულებიც და ისე რა, ლამაზები და ისე რა, უფულოები და მდიდრები, უზრდელებიც და გალანტურებიც, უნიჭოებიც და ნიჭიერებიც, იუმორიანებიც და ისე რა, – მაგრამ ჩვენ ნამდვილად არა ვერთ დებილები. არც 2001 წელს ვიყავით. არც 1991, არც 1981. არც 1971, არც 1941, როდესაც 350 000 ქართველი კაცი წავიდა და ომში დალია სული……

ან იქნებ ლოთი მამის და ალუმინის დედის შვილები ყოფილან ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა, დიმიტრი უძნაძე და გალაკტიონ ტაბიძე, დათო ყიფიანი და რეზო გაბრიაძე, სოფიკო ჭიაურელი და ეროსი მანჯგალაძე, მიშა თუმანიშვილი და რეზო ჩხეიძე, ლევან თევდორაძე და გოგლიკა მაღალაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი და ვახტანგ ჭაბუკიანი, სერგო ფარაჯანოვი და ვასილ ამაშუკელი, ნონა გაფრინდაშვილი და ბორის პაიჭაძე, ათეულები, ასეულები ქართველი გენიოსები, რომლებიც დედამიწის მეექვსედ ნაწილში პირველები იყვნენ…. ან იქნებ გონებასუსტი ქართველები მღერიან „ჩაკრულოს” და წერენ გენიალურ ლექსებს, მიდიან სამშობლოსთვის ტყვიაზე და უყვართ თავიანთი საწყალი, პოლიტიკანებისგან და ნაძირალებისგან შეჭმული ქვეყანა, ძალიან უყვართ……შავი ძალა იყო, მაგრამ გონებასუსტობას თუ ვახსენებთ, იქნებ სტალინი იყო გონებასუსტი?

ჩვენ არა ვართ დებილები, Mr.President!

ჩემს თავზე არ ვილაპარაკებ, ეგ სხვამ გააკეთოს. ნამდვილად არა ვარ გონებასუსტი დებილიზმის სუსტი ფორმით, რატომ დამარქვით ის, რაც არ მჭირს როგორც დაავადება?

ჩვენ არა ვართ დებილები, Mr.President!

მე კი მგონია რომ სულ პირიქითაა საქმე. არა ქართველ ერში, არამედ სწორედ ქართული „ელიტის” პოლიტიკურ გონებასუსტობაში და დებილიზმშია ჩვენი ეროვნული პრობლემა! 1991 წლიდან გახდა საქართველო დამოუკიდებელი და პოლიტელიტას გადმოგაბარათ თავისი ბედი ქართველმა ხალხმა. დღესაც, 25 წლის შემდეგ ქართველს თუ რაიმე სტკივა, ის სტკივა, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ერთი მაგარი და წესიერი, დადებითი ლიდერი თუ პარტია, მმართველი არ ეღირსა ამ ქვეყანას. ქართველს სწორედ ის სტკივა, რომ თქვენ, პრეზიდენტებმა, პოლიტიკოსებმა თუ პარლამენტარებმა, „მას-მედიამ” ( ღმერთო, გვიშველე) დაუკარგეთ ხალხს იმედი, რწმენა, რომანტიზმი, გმირობის მოტივი. ერთმანეთის ბოღმით, შურით, ძიძიგილაობით სათითაოდ ყველამ შეიტანეთ წვლილი საქართველოს მოწყენილობაში. შეხედეთ ქუჩებში ადამიანების თვალებს, დაძაბულს და სასოწარკვეთილს, იმიტომ, რომ ყველას ის განცდა აქვს, რომ ამ ხალხს პატრონი არ ჰყავს!

როდემდე უნდა აბრალოთ რუსეთს, წვიმას, ტოტლებენს და დედ-მამას საკუთარი უსუსურობა და პროვინციალიზმი? 25 წელია დაგანებათ თავი რუსეთმა და რა? იმის მაგივრად, ისრაელის, შვეიცარიის ან სხვა პატარა სახელმწიფოს ნაირად გეშენებინათ ახალი ქვეყანა, რა გააკეთეთ? რომელ პოლიტიკოსს გაქვთ იმის შეგრძნება რომ შეგეცოდოთ გარეთ ქუჩაში მოსიარულე ხალხი, რომ ცოტა ხნით გააგდოთ ხელიდან ვისკის ჭიქა და სიტყვით მაინც მიეფეროთ იმ ხალხს, რომელმაც დაგაჭერინათ ის ვისკის ჭიქა ხელში? რა გჭირთ?

რატომ ხდება, რომ ეს ნიჭიერი, გმირი და მაგარი ხალხი სულ ვიღაც პოლიტ-ექსპერიმენტატორების ხელშია? საქართველოს პირველი დამოუკიდებელი მმართველი კურდღელივით გემით გაიქცა 1921 წელს ბათუმიდან და ბოლშევიკებს ჩააბარა ეს ქვეყანა, სსრკ-ს შემდეგ პირველი პრეზიდენტი ქართველმა „პოლიტლელიტამ” რუსული ქვემეხით ჩამოაგდო ტახტიდან და სამეგრელოს ტყეში თავში ტყვია დაახალა, შემდეგი პრეზიდენტი უკვე მეორე „პოლიტელიტამ” ქეჩოთი გაათრია პარლამენტიდან და გადააყენა, მესამე, უკვე გაქცეულ პრეზიდენტზე ახლა უკვე ახალ „პოლიტელიტას” სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული და ის საერთოდ უკრაინის მოქალაქე გახდა, მეოთხემ – გონებასუსტები გვიწოდა…. რა ხდება თქვენთან მანდ, პოლიტსამზარეულოში? ჯანმრთელად ხომ ხართ?

სწორედ სახელისუფლო სკამში უნდა იჯდეს მაგარი, ენერგიული, რომანტიული, პატარა ძიძგილაობებზე მაღლა მდგომი, ნიჭიერი და საქმის მკეთებელი კაცი, რომელსაც შეუძლია ხალხში იმედის ჩადება! რომელიც იმედს აფრქვევს რომ ქართველი კაცი ხვალ უკეთესად იქნება, ვიდრე დღეს იყო, იმიტომ რომ იმედის მოცემა ლიდერის პირველი და მთავარი მოვალეობაა, დიდი ხელფასის აღების უფლების პარალელურად!

თუ ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ ხალხს გონებასუსტებად ოდესღაც აღიქვამდა, თუნდაც ფილოსოფიურად, მაშინ სხვას ან ერთმანეთს რაღა მოვთხოვოთ?! თუკი ფილოსოფოსს მიაჩნდა, რომ ქართველები გონებასუსტი ერია – მაშინ უარი ეთქვა ამ ერის პრეზიდენტობაზე. ხოლო თუკი მაინც გაიღვიძა პრეზიდენტად, 24 საათი ხალხში ყოფილიყო და ყველნაირი რესურსი გამოეყენებინა, რომ ამ „გონებასუსტ” ერს მიხმარებოდა, რომ მისი ერი განვითარებულიყო გონებრივად. ეს ხომ მისი პირდაპირი მოვალეობაცაა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ თემაზე გვიწევს საუბარი. და გვიწევს არა იმიტომ, რომ შეურაცხყოფა მივაყენოთ ამ უნიკალური ნაშრომის ავტორს, არა, იმიტომ რომ ასეთი ნაშრომების შემდეგ რომ დგას უიმედოდ დარჩენილი ერი, ანუ ჩვენ, აი, ეგაა საფიქრალი.

Mr.President!

ჩვენ გონებამაგრები ვართ და იმიტომაც არ გაწუხებთ ზედმეტად. იყავით თქვენთვის ოჯახში მშვიდად, მოეფერეთ პატარას, თუ გამოჩნდებით ხალხში ხანდახან მაინც, კარგს იზამთ, სახეზე რომ არ დაავიწყდეთ ამომრჩეველს. თუ არა და, არც ეგაა პრობლემა, ჩვენ არ ვბრაზობთ, მაგის დროც არა გვაქვს, იმდენი პრობლემა აქვს ჩვეულებრივ ქართველს ყოველდღე, ყველას ხომ დიდი ხელფასი და დაცვა არ დაუნიშნა განგებამ ერის ჯიბიდან …

მე მამა რუსი ლოთი არ მყოლია და არც დედა – თასით და ხმლით ხელში. არც გონებასუსტობას ვუჩივით ოჯახში. საერთოდ, სირცხვილია ამაზე ლაპარაკი, ეს ხომ დაავადებაა და არ შეიძლება, სრულიად ქართველ ე რ ზ ე შეფასებად საჯაროდ გამოიყენო ქართველმა კაცმა ეს სიტყვები. თუ პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ შენ გიყვარს შენი ქვეყანა. მე მაქვს ამაზე პრეტენზია, მიუხედავათ იმისა, რომ ბევრჯერ მატკინა ჩემმა სამშობლომ. ამიტომ როგორც ერის ერთი პატარა ჭანჭიკი, წავიკითხე ის ისტორიული ნაშრომი „ნიჩურტა” და მომინდა, ჩვენი სახელით გიპასუხოთ:

ჩვენ არა ვართ დებილები, Mr.President!

ავტორი: ირაკლი ჟვანია

წყარო : რეპორტიორი

Comments
Loading...